2021-01-13 12:31:00
ეს არ არის წასვლა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ეს არის გაქცევა - უდუმაშვილი

ეს არ არის წასვლა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ეს არის გაქცევა, მას არ უნდა დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ამ ბრძოლიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ მოსახლეობამ მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზურგი შეაქცია.

„8 წელია გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაქრეს. მას არ მოსწონს ოპოზიცია და უნდა, რომ ახალი იყოს. რაც არ უნდა ეცადოს და თავისი რესურსი დახარჯოს, ოპოზიცია ასე ხელოვნურად ვერ შეიქმნება. ვნახეთ, როგორ შექმნა ოპოზიცია, როდესაც სამი ადამიანი შეიყვანეს პარლამენტში და დაარქვეს, რომ ოპოზიციონერები არიან.

ეს არ არის წასვლა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს. დიახ, ეს არის გაქცევა და პასუხისმგებლობის გადაბარება სხვა ადამიანებისთვის. მას არ უნდა დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ამ ბრძოლიდან. მეორე - ეშინია, კარგად იცის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, კარგად იცის, რომ მოსახლეობამ ზურგი შეაქცია. ის ცდილობს ერთის მხრივ, პასუხისმგებლობა მოიხსნას, მეორეს მხრივ, ფინანსური რესურსების მობილიზება მოახდინოს, საფრთხე რომ არ დაემუქროს “,-აცხადებს უდუმაშვილი.

როგორც უდუმაშვილი აცხადებს, დღეს საქართველოს ძლიერი ოპოზიცია ჰყავს.

„ოპოზიციამ საზოგადოებას დაანახა ბოლო 2 წლის განმავლობაში, როგორ შეუძლია ერთიანად ებრძოლოს იმ რეჟიმს, რომელიც ანადგურებს ამ ქვეყანას. ოპოზიცია საკმაოდ ძლიერია. ვერანაირი მესამე ძალა ვერ შეიქნება ხელოვნურად, თუ ეს ბუნებრივად არ მოხდა. ოპოზიცია მწყობრად განაგრძობს ბრძოლას იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს“,-აცხადებს უდუმაშვილი. 

ამავე თემაზე