2021-01-12 14:55:59
პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს – შოთაძე

პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

შოთაძის განმარტებით, ასევე, გაზრდილია ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ფაქტობრივად გაორმაგდა.

აღინიშნა, რომ 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4633 პირის მიმართ, გაზრდილია პროკურორთა მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი – 2020 წელს სასამართლოში წარდგენილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობებიდან 94 პროცენყი პატიმრობის მოთხოვნა იყო.

„2020 წელს, სპეციალიზებული პროკურორების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში აქტიურად ხდებოდა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა 2017 წელს 25 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა, 2018 წელს – 111, ხოლო 2019 წელს – 120 ბრალდებულის მიმართ. 2020 წლის მონაცემებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 178 ბრალდებულის მიმართ, ხოლო 184 ქალი დაზარალებულად იქნა ცნობილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი პირველად გამოიკვეთა ქალთა მკვლელობის საქმეებში“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

ამავე თემაზე