2021-01-12 12:19:35
ბრალდების მხარე სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება – შაქარაშვილის საქმის პროკურორი

რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე ელოდება სასამართლოსგან, რომ გამამტყუნებელ განაჩენს დაადგენს, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

„სხვა მოწმე დღეს არ გვეყოლება. რაც შეეხება უშუალოდ საქმეზე დაკითხულ მოწმეებს, ამ ეტაპზე 100-დან 18 მოწმეა დასაკითხი, გარდა იმ ბრალდებულებისა, რომლებიც არ იძლევიან ჩვენებას. ამ ხალხს სავარაუდოდ, დაცვის მხარე თავად დაკითხავს, რადგან ისინი ბრალდების მხარისთვის ჩვენების მიცემაზე ამბობენ უარს.

ჩვენ, ბრალდების მხარე თვის ბოლომდე აუცილებლად დავასრულებთ მტკიცებულებების გამოკვლევას. იმედია, რომ დაცვის მხარეც დროულად დაამთავრებს გამოკვლევას. თუ რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეწყობა ხელი ამ პროცესს, 1 თვეში შესაძლებელია ამოიწუროს მტკიცებულებების გამოკვლევა, შემდეგ იქნება დასკვნითი სიტყვები და განაჩენი. სავარაუდოდ, თებერვლის თვეში.

იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლითაც უშუალოდ დგინდება გიორგი შაქარაშვილის მოვლელობის ფაქტი და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, ჩვენი მოლოდინი შეუძლებელია იყოს სხვაგვარი და რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე ელოდება სასამართლოსგან, რომ დადგენს გამამტყუნებელ განაჩენს“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ამავე თემაზე