2021-01-08 19:23:28
მნიშვნელოვანია, რომ მიტროპოლიტმა იოანემ შეაფასოს საკუთარი ქადაგების პრობლემურობა და ბოდიში მოიხადოს ანტისემიტური შინაარსის განცხადებებისთვის – TDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დეკანოზ ილია კარკაძის 4 იანვრის ქადაგება “სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით”.

მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ მან დეკანოზ ილია კარკაძეს შენიშვნა გამოუცხადა და რომ დეკანოზი წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.

"მივესალმებით მიტროპოლიტის მიერ დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტური განცხადებების კრიტიკულად შეფასებას და მივიჩნევთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმული პირველი სწორი ნაბიჯია. თუმცა, ამავდროულად, ვთვლით, რომ აღნიშნული რეაგირება არასაკმარისია ეკლესიაში არსებული ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემის დასაძლევად. სწორედ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბრის ქადაგებამ დაუდო საფუძველი ანტისემიტიზმის ახალ ტალღას, რასაც შემდეგ დეკანოზ ილია კარკაძის განცხადებები მოჰყვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიტროპოლიტმა იოანემ შეაფასოს საკუთარი ქადაგების პრობლემურობაც და ბოდიში მოიხადოს ანტისემიტური შინაარსის განცხადებებისთვის.

ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ეკლესიის სახელით მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანესა და დეკანოზ ილიას ანტისემიტურ განცხადებებთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს ისინი; დაგმოს ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები." – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე