2021-01-04 13:39:36
„საქსტატის“ მონაცემებით, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4 % შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ფასების საერთო დონე 1%-ით შემცირდა. წლიური ინფლაციის დონემ კი 2.4 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

უფრო კონკრეტულად, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი დაფიქსირდა ფასების 22 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.2 პროცენტი). სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.5 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით. კერძოდ, ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3 პროცენტი). 

ამავე თემაზე