2020-11-24 15:27:13
ჩვენთან არავინ მოსულა პოზიციიდან თუ ოპოზიციიდან, არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს სურვილი ჩვენთან მოსვლის - მეუფე იაკობი

არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს სურვილი ჩვენთან მოსვლის. ჩვენთან არავინ მოსულა პოზიციიდან თუ ოპოზიციიდან. ვისურვებდი, პოლიტიკოსები ისე მოქცეულიყვნენ, რომ საქართველომ გაიმარჯვოს. საქართველო ჩვენი საერთო სახლია და ნუ დავასუსტებთ - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება.

მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესიაში მისვლის სურვილი არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გამოუთქვამთ.

„არ შეიძლება ქართველის ასე გაყოფა. ვინც არ უნდა ყოფდეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებენ. რატომ უნდა ხედავდნენ უცხო ქვეყნები ეკლესიის როლს? ჩამოვიდნენ, ნახეს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს აუცილებელია, როცა ქვეყანაში ჩადიხარ, მაგრამ ჩვენთან, ეკლესიაში განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ ამერიკელებს. თვითონაც ხედავთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენს ტრადიციებს აფასებენ. ჩვენი ეკლესიის როლს აფასებენ ამ ტრადიციების დაცვაში. ზოგს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენ ძველი დროიდან ვარსებობთ და ახლა ყოველ 15 წუთში ვერ შევიცვლით ჩვენს აზრებს და ცხოვრების წესს. მინდა ერმა იცოდეს, არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს სურვილი ჩვენთან მოსვლის. ჩვენთან არავინ მოსულა პოზიციიდან თუ ოპოზიციიდან. ვისურვებდი, პოლიტიკოსები ისე მოქცეულიყვნენ, რომ საქართველომ გაიმარჯვოს. საქართველო ჩვენი საერთო სახლია და ნუ დავასუსტებთ. ერთმანეთს ნუ ვეომებით და ნუ ვჩხუბობთ. გამოსავალი უნდა ვნახოთ საქართველოს საკეთილდღეოდ. სულ ასე ერთმანეთის ჭამაში როგორ უნდა ვიყოთ? რა კარგი ერი ვართ, როგორი ნიჭიერი ერი ვართ, კონკურენტუნარიანები ვართ უცხოეთშიც რომ გავდივართ და ერთი საქართველოსთვის ვერ მოგვივლია. იმედია, მოვუვლით და გადაივლის ეს ყველაფერი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამავე თემაზე