2020-11-19 13:27:17
მთავრობა თანადაფინანსების ახალ პროგრამას ქმნის

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს აუწყა, რომ მთავრობამ უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი მექანიზმი დაამტკიცა.

მექანიზმი "აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში იმ უცხოელი ინვესტორების თანადაფინანსებას გულისხმობს, რომლებიც ქვეყანაში 10 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების და 150 ადამიანის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

თურნავას თქმით, ვალდებულების შესრულების კვალობაზე ინვესტორებზე 1 მილიონი ლარის ოდენობის FDI გრანტი გაიცემა, რაც ძირითადად ადგილობრივი პერსონალის მომზადებისა და გადამზადების მიზნით დაიხარჯება, ისევე როგორც, იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც ინვესტორს ადგილზე წარმოების წამოწყების, ან უცხოური წარმოების გადმოტანის დროს შეიძლება დასჭირდეს. 

თურნავა ამბობს, რომ გრანტები ძირითადად მძიმე მრეწველობის დარგებზეა გათვლილი. 

"შევარჩიეთ ისეთი დარგები, რომლებიც შეეხება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას და ასევე ვთვლით, რომ მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის. კერძოდ, ეს არის: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა, ლოჯისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება და რამდენიმე სხვა დარგი", - ამბობს თურნავა. 

პროექტი, თურნავას მტკიცებით, ქვეყანას საინვესტიციო თვალსაზრისით მეტად მიმზიდველს გახდის. მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი მიმომხილველები უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზად დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობას და მსხვილი ამერიკული კომპანიების მიმართ სამართლებრივი დავების წამოწყებას ასახელებენ, თურნავა დარწმუნებულია, რომ ამ პროექტით შეუძლია უცხოელი ინვესტორების დაარწმუნოს, რომ საქართველო კვლავ მიმზიდველი ბაზარია რეგიონში. 

"ეს დამატებითი კომპონენტია, რომელიც დადებითად იმუშავებს ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კონტექსტში, რომელიც ბევრ სხვა კომპონენტს მოიცავს, როგორიც არის: დაბალი გადასახადები, სტაბილური ეკონომიკური ვითარება, გამჭვირვალე პროცედურები და ნაკლები ბიუროკრატია, არაკორუფციული გარემო და ეს კიდევ ერთი დამატებითი ფინანსური მექანიზმია, რითიც ჩვენ დავარწმუნებთ ინვესტორებს, რომ საქართველო არის კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარი ჩვენს რეგიონში", - ამბობს თურნავა.  

ამავე თემაზე