2020-11-19 13:10:35
გადამხდელებს დღგ ავტომატურ რეჟიმში ანგარიშზე დაუბრუნდება - ფინანსთა მინისტრი

150 000 კომპანია დღგ-ს მომენტალურად, ავტომატურად დაიბრუნებს - საგადასახადო სიახლის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მინისტრთა კაბინეტის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შარშან გადამხდელს 614 მილიონი ლარი დაუბრუნეს, ხოლო წელს დღეის მონაცემებით 811 მილიონი და წლის ბოლომდე ავტომატური დაბრუნება მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

"ჩვენ ავტომატურ რეჟიმში, ისე, რომ არ არის არანაირი დასტური საჭირო, თითოეულ გადამხდელს, ვისაც აქვს დღგ, ზედმეტობა დაუბრუნდება მის ანგარიშზე.

გახსოვთ, რომ 614 მილიონი ლარი დავაბრუნეთ 2019 წელს. წელს, დღეის მონაცემებით, მიუხედავად ამ პანდემიური კრიზისისა და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა, ჩვენ დავაბრუნეთ 811 მილიონი და წლის ბოლომდე ავტომატური დაბრუნება, რომელიც 2 დღის წინ ჩავრთეთ, წლის ბოლომდე ეს ციფრი ავა მილიარდ ლარამდე. მგონი ამ სიგნალს სათანადოდ დააფასებენ ბიზნესის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს, ისინი უფრო თამამები იქნებიან თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებში," - აცხადებს ივანე მაჭავარიანი. 

ამავე თემაზე