2020-11-19 11:55:36
უმუშევრობის დონე საქართველოში 2020 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.9 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.3 პროცენტული პუნქტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად, მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 2.0 პროცენტული პუნქტით. თუმცა, საქსტატის ცნობით, აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 50.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 72.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 3.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით. 2020 წლის მესამე კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 2.6 და 1.1 პროცენტული პუნქტით.

ამავე თემაზე