2020-11-18 16:37:21
კოალიცია თანასწორობისთვის 14 ნოემბრის მკვლელობაზე სიძულვილის მოტივის გამოკვეთას მოითხოვს

 

კოალიცია ეხმიანება 2020 წლის 14 ნოემბერს თემქაზე მომხდარ მ.მ.-ს მკვლელობის ფაქტს და სამართალდამცავ უწყებებს სავარაუდო ჰომოფობიური სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების, ხოლო მედიას დისკრიმინაციის წახალისებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „14 ნოემბერს, თემქაზე, ლ. შ.-ს სახლში მისი მეგობარი, მ.მ.-ს მეგობარ გოგონასთან ერთად მყოფმა ნ. ნ.-მ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, ხოლო ლ.შ. კი დაჭრა, რის შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან გოგონასთან ერთად მიიმალა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და დანაშაულის შეუტყობინელობას“.

2020 წლის 16 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებული ნ.ნ. და მისი ადვოკატი მსხვერპლის სექსუალურ ორიენტაციაზე მიუთითებდნენ. სწორედ ამ გარემოებას უსვამს ხაზს ბრალდებული დაკითხვისას და აღნიშნავს, რომ მსხვერპლის მხრიდან გაკეთებულმა შეთავაზებამ გამოიწვია მისი სულიერი აღელვება, რაც გახდა მკვლელობის მიზეზი.

კოალიცია მოიხმობს OSCE-ს სახელმძღვანელოს, რომელიც  სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ამგვარად განმარტავს: „სიძულვილით ჩადენილი დანაშაული არის დანაშაული, რომელიც ჩადენილია იმის გამო, რომ მსხვერპლი, სინამდვილეში ან სავარაუდოდ, მიეკუთვნება რამე ჯგუფს, უმეტესად, რასის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის, მოქალაქეობის, წარმოშობის, შეზღუდული შესაძლებლობების ან სხვა ნიშნით.”  ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ნებისმიერი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირებისთვის არ აქვს მნიშვნელობა მსხვერპლს ნამდვილად აქვს თუ არა ნიშანი, ანუ ნამდვილად მიეკუთვნება თუ არა რომელიმე ჯგუფს. სამართალდამცავთა მხრიდან გამოძიებული უნდა იქნეს არა მსხვერპლის სექსუალური ორიენტაცია, არამედ ბრალდებულის წინასწარგანწობასა და აღქმაზე, კერძოდ დანაშაულის ჩადენა, განპირობებული იყო თუ არა მსხვერპლის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ვარაუდით და სტერეოტიპული დამოკიდებულებებით. სისხლის სამართლის საქმეში დისკრიმინაციული მოტივის  იდენტიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია გამოირიცხოს სხვა მოტივის არარსებობა, ყურადღება გამახვილდეს მსხვერპლის და დამნაშავის ურთიერთობაზე და დანაშაულის ჩადენის სისასტიკეზე, რადგანაც დანაშაულის ხერხი, ფორმა და მისი ბრუტალურობა ხშირად სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის დამატებით ელემენტს წარმოადგენს.

ამასთან, მ.მ.-ს მკვლელობის საქმეში, განსაკუთრებით საყურადღებოა ბრალდებულის ჩვენება, სადაც იგი მიუთითებს სულიერ აღელვებაზე, რომელიც სწორედ მისმა სტერეოტიპულმა მიდგომებმა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით კი საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო ლიტერატურაში არსებობს „გეი პანიკის“ და „ტრანს პანიკის“, როგორც დაცვის მხარის არგუმენტის ცნება[3]. აღნიშნული ტაქტიკა გამოიყენებოდა მსოფლიოში ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დამნაშავე უთითებდა, რომ მსხვერპლის მხრიდან განხორციელდა „არაძალადობრივი სექსუალური ხასიათის“ შეთავაზება, რამაც ის ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩააგდო და დანაშაულის ჩადენა განაპირობა. აღნიშნული სტარტეგიის მიზანია მოახდინოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა, მათ შორის მკვლელობათა გამართლება. დაცვის მხარე აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებისას, უთითებს, რომ პირის სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ან გამოხატვა არათუ ხსნის აღნიშნულ დანაშაულს, არამედ ამსუბუქებს/პატიობს კიდეც დამნაშავის მხრიდან საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის, აფექტის შედეგად განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს. დაცვის აღნიშნული ტაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, 1990 წლიდან აშშ-ს შტატებმა ეროვნულ დონეზე ასევე დაიწყეს აღნიშნული მეთოდის გამოყენების აკრძალვა სასამართლო პროცესებზე.

დაცვის ამგვარი არგუმენტის გამოყენება, ახდენს მსხვერპლთა დეჰუმანიზებას და ამართლებს დანაშაულის ჩადენას, თუ პირის კონკრეტული ქცევა, გარეგნობა ან ქმედება არ შეესაბამება პირის აღქმებსა და სოციალურად კონსტრუირებულ რწმენებს. აღნიშნული კი თავისთავად წარმოადგენს მითითებას იმის შესახებ, რომ დანაშაულებრივი ქმედება, სწორედ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პირის თუ პირის შესახებ მისი აღქმის მიუღებლობამ განაპირობა, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ყველაზე ცალსახა და ნათელი მანიფესტაციაა, მიუხედავად იმისა, მსხვერპლი მიკუთვნებოდა თუ არა კონკრეტულ დისკრიმინირებულ ჯგუფსა თუ დაცულ ნიშანს.

საქართველოში ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძება და დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ზემოაღნიშნულ საქმესთან მიმართებით, მსხვერპლისა და ოჯახის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ასევე ყურადსაღებია მედიის როლიც. ჩვენს ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს მედიის მხრიდან სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ფაქტების გაშუქება. ამ მხრივ პრობლემურია როგორც მსხვერპლის პირად ცხოვრებაში უნებართვო ჩარევის, ისე დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევები." - ნათქვამია განცხადებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს რელევანტურ უწყებებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • წარმათოს დროული და ეფექტიანი გამოძიება, და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს რელევანტური მტკიცებულებების მოგროვებას სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირებისთვის, ასეთის არსებობის შეთხვევაში.

პროკურატურას

  • პროკურატურამ ყველა შესაძლო საშუალებით გამოიკვლიოს, ხომ არ მოხდა დანაშაულის ჩადენა შეუწყნარებლობის მოტივით და, დისკრიმინაციის შემთხვევაში, სასამართლო განხილვის დროს უზრუნველყოს მასზე სათანადო აპელირება.

საქართველოს მთავრობას

  • სახელმწიფომ, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანად საბრძოლველად, გააძლიეროს ინსტიტუციური მექანიზმები სამართალდამცავ სისტემაში, ეფექტიანად გამოიძიოს და თავიდან აირიდოს ამგვარი დანაშაულები, და შეიმუშავოს ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკა.

მედია საშუალებებს

  • ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს მსხვერპლის პირად ცხოვრებაში უნებართვო შეჭრის და სექსუალური ორიენტაციის შესახებ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაძლიერების შემთხვევები.
ამავე თემაზე