2020-11-18 14:25:40
მყისიერად ცხადი არ ყოფილა, რომ არჩევნები საბედისწეროდ ხარვეზიანი იყო – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა მდივნის საქართველოში ვიზიტის პარალელურად პრესკონფერენცია გამართეს და საქართველოს შესახებ ილაპარაკეს. 

მათი განცხადებით, საქართველო ახალი დემოკრატიაა, რომელიც ინსტიტუტებს დაახლოებით 20 წელია აშენებს და ეს პროცესი ჯერაც გრძელდება. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში არაერთხელ ჩატარდა არჩევნები, დარღვევები კი მუდმივად ერთი და იგივეა: ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რაც იმით გამოიხატება, რომ საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ ხმებს მოქმედი ხელისუფლებისთვის. 

დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა მიუთითეს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო წელს უჩვეულო ვითარება იყო: საქართველოში ბევრად ნაკლები მოკლევადიანი დამკვირვებელი იყო მივლენილი - იყვნენ გრძელვადიან დამკვირვებელთა ჯგუფები და ეუთოს რამდენიმე მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფი, თუმცა არა იმდენი, რამდენიც მანამდე. რა თქმა უნდა, აშშ-ის მისიამ და სხვა საელჩოებმაც გაგზავნეს არაოფიციალური, ინფორმირებული ჯგუფები. 

"როგორც ეუთომ, ისე სხვებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც კონკურენტული და წინა წლებთან შედარებით, რამდენიმე მიმართულებით შეინიშნებოდა გაუმჯობესებაც- ნაკლებად შეინიშნებოდა სიძულვილის ენა და იყო ნაკლები ძალადობრივი, აგრესიული თავდასხმა წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. თუმცა, დამკვირვებლებმა აღრიცხეს ხმების მოსყიდვის, დაშინების ფაქტები, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს არჩევნებს ხრავს ბოლო 30 წლის მანძილზე. ჩვენმა გუნდმაც გამოავლინა ეს ფაქტები. 

ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, გააგრძელოს ზეწოლა, რათა საარჩევნო დარღვევების შესახებ საჩივრების დაკმაყოფილებაზე სამართლებრივი გზებით იბრძოლოს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ენდობა სასამართლო სისტემას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ისინი ინსტიტუტები განვითარების პროცესში მყოფი ინსტიტუტები არიან. ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები გაასაჩივრა, ვინაიდან არ ჰქონდათ მათი შესაბამისად განხილვის მოლოდინი, არჩევნების მეორე დღესვე მოითხოვა ხელახალი არჩევნები. 

თავდაპირველად ხმების დათვლის შედეგები უახლოვდებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის [ISFED] პარალელური PVT დათვლის შედეგებს. შესაბამისად, არჩევნების დასრულების შემდეგ მყისიერად ცხადი არ ყოფილა, რომ არჩევნები საბედისწეროდ ხარვეზიანი იყო. რამდენად ცუდი იყო წინა სხვა არჩევნებთან შედარებით, სადაც ხელახლა ჩატარება არ მოუთხივიათ?  ჩვენ კიდევ, ჩვენ მოვუწოდებდით ყველას, გამოეყენებინათ წლების განმავლობაში ნაშენები სამართლებრივი გზები საჩივრების განხილვისთვის". - ითქვა სახელმწიფო დეპარტამენტში. 

 

 

"ფორმულა"

ამავე თემაზე