2020-11-13 14:27:36
საარჩევნო უბნებში კომისიის წევრები კლანურ-ნათესაური პრინციპებით, „ქართუ ჯიგრულად“ ინიშნებიან – დოლიძე

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ 2020-ის საპარლამენტო არჩევნების დღეს გამოვლენილი კიდევ ერთი დარღვევა გაასაჯაროვა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო უბნების მაგალითზე კლანურ-ნათესაური კავშირების დამამტკიცებელი მასალები წარმოადგინა.

„2020 არჩევნებმა საარჩევნო კომისიებში და უბნებში სისტემური ჩავარდნები გამოავლინა. პირველი - ოპოზიციური პარტიებიდან საუბნო კომისიებში დანიშნული წევრების უმეტესობას საერთოდ  არ ამოუღო ხმა იმ მასშტაბურ გაყალბებაზე, რომელიც ხდებოდა უბნებში. პირიქით, მათ უპირობოდ მოაწერეს ხელი გაყალბებულ ოქმებზე, რომელსაც დღეს ვარჩევთ. და მეორე - კომისიების დაკომპლექტებაში ჩვენ გამოვავლინეთ უსერიოზულესი პრობლემა, ეს არის კლანურ-ნათესაური კავშირები, რომლებიც ფესვგადგმულია საუბნო და საოლქო კომისიებში. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც არჩევნების დღეს ჰგავდა ჩვეულებრივ საქორწილო სუფრას, სადაც თავს იყრიან ოჯახის წევრები და ნათესავები,“ - განაცხადა ანა დოლიძემ ბრიფინგზე და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო უბნებში აღმოჩენილი ოჯახურ-ნათესაური კავშირების დამამტკიცებელი ფაქტები გაასაჯაროვა.  

კერძოდ, დიდუბის 55-ე უბანზე კომისიის წევრები იყვნენ ცოლ-ქმარი - ნიკა გოგალაძე  და მარიამ ხელაძე; ჩუღურეთის  38-ე უბანზე „ქართული ოცნების“ კომისიის წევრი იყო ლია ჩაჩიბაია, ხოლო კომისიის დამოუკიდებელი წევრად მუშაობდა მისი შვილი სოფიკო კვირკველია; დიდუბის  1-ლი უბანში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლალი ყურავასთან ერთად კომისიის წევრად მუშაობდა მისი რძალი, თამარ ქობალია.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, ეს მცირე ნაწილია ამგვარი „კლანურობის“ და ანალოგიური ფაქტები სხვა უბნებშიც მრავლად მოიპოვება.

„ დასახელებული ფაქტები აჩვენებს, რომ არავითარ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ დანიშვნებს საოლქო კომისიების მიერ საუბნო კომისიებში ადგილი არ აქვს. პირიქით, დანიშვნები ხდება ნათესაურ-ოჯახური პრინციპებით, „ქართუ ჯიგრულად“. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძირშივე არის მორღვეული ის ძირითადი და მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც უნდა დაკომპლექტდეს კომისიები. ამიტომ, დღეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ამ კომისიების ძირფესვიანი ცვლილება. კლანურობის სისტემიდან ჩვენ თუ უნდა გავთავისუფლდეთ, სხვანაირად ვერასოდეს ჩატარდება ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები,“ - აღნიშნავს მოძრაობა "ხალხისთვის“ ლიდერი.

ამავე თემაზე