2020-11-05 19:35:29
დავასახელე ისინი, ვინც დესტრუქციული სცენარისთვის იყვნენ მომზადებული – კობახიძემ სუსი დატოვა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. სუსის შენობიდან გამოსვლის შემდგომ მან განაცხადა, რომ გამოკითხვა უკავშირდებოდა რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ გამოძიებას ინფორმაციის წყარო და ასევე შინაარსი დაუსახელა.

"დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დავასახელე დღეს ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე შინაარსი და წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომელებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რას გულისხმობდა "დესტრუქციული სცენარი", კობახიძემ თქვა, რომ შექმნილი იყო "გარკვეული ტიპის შეიარაღების მქონე" ჯგუფები, სადაც ყოფილი ძალოვანებიც იყვნენ.

"ჩვენ ვთქვით მაშინ, რომ შექმნილი იყო ჯგუფები მათ შორის ე..წ. ეკიპაჟები იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებიც იყვნენ მათ შორის ყოფილი ძალოვნები. მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რომელიც მერე გამოჩნდა არჩევნების დღეს. თქვენ გახსოვთ ადამიანები შეიარაღებული გადაადგილდებოდნენ, ჰქონდათ ელექტროშოკები და ასე შემდეგ. ეს არჩევნების დღეს დადასტურდა კიდეც", - თქვა კობახიძემ.

ამავე თემაზე