2020-10-20 17:03:26
ამომრჩევლის მიერ ჩაგდებულ ბიულეტენებს, რომ არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, ამის გარანტი ვიქნებით ჩვენ - კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომ ის საქართველოში დამკვირვებლებს არ გამოგზავნის.

კაპანაძის თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება სხვა ბევრი საერთაშორისო  დამკვირვებელი, რომლებიც უკვე საქართველოში გრძელვადიან დაკვირვებას ახორციელებენ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების საერთო შტაბიც გაუწევს აქტიურ მონიტორინგს არჩევნებს და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული.

 „მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია არ ჩამოდის, საქართველოში მაინც საკმარისი რაოდენობის დამკვირვებელი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო მისიიდან. ჩვენ ვიცით, რომ  უკვე  ჩამოსულები არიან გრძელვადიანი დამკვირვებლები, გარდა ამისა, იქნება ძალიან ბევრი ადგილობრივი დამკვირვებელი და რაც მთავარია, გაყალბების თავიდან ასაცილებლად იქნებიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, მათ შორის ევროპული საქართველოს მხრიდან იქნება ძალიან ბევრი დამკვირვებელი, იქნება ძალიან ბევრი წარმომადგენელი ყველა უბანზე, ჩვენი კომისიის წარმომადგენლები, ასევე წევრები და საერთო შტაბი, რომელიც შექმნილი გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს, იქნება იმის გარანტი, რომ არ მოხდება არანაირი მანიპულირება არჩევნების დღეს.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს, მხარი დაუჭიროს გარდამტეხ ცვლილებებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილის წასვლას სახლში ხოლო მათ მიერ ჩაგდებულ ბიულეტენებს, რომ არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, ამის გარანტი ვიქნებით ჩვენ. ყველა ჩაგდებული ხმა იქნება დაცული, ეს შემიძლია გითხრთ სრული პასუხისმგებლობით როგორც ევროპული სქართველოს მხრიდან, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან.“ - განაცხადა კაპანაძემ.

ამავე თემაზე