2020-10-20 16:56:36
დღეს ჩვენ გვიწევს იმ პრობლემებზე საუბარი, რაც გაზაფხულზე დაისვა და შესაძლებელი იყო პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირობებში გადაწყვეტილიყო - კალოიანი

"ევროპული საქართველოს" წევრებმა, გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ვახტანგ კალოიანმა, 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და ის კონკრეტული გეგმა წარადგინეს, რაც ქვეყანას მძიმე ეპიდსიტუაციის მართვაში დაეხმარება.

კალოიანმა ყურადღება გაამახვილა კოვიდინფიცირებულთა საწოლებისა და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგებაზე. ასევე მან ყურადღება გაამახვილა ჰოსპიტალურ სექტორზე და განაცხადა, რომ ჰიბრიდული ჰოსპიტალების არსებობა შეცდომაა და ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს.

კალოიანის თმით, საჭიროა სამხედრო და საველე ჰოსპიტალების მომზადება და აღჭურვა რაც შეიძლება ნაკლებ დროში. მისი თქმით, ასევე საჭიროა სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვა.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ისევ გვიწევს იგივე პრობლემებზე საუბარი, რაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაისვა და რაც ჯერ კიდევ მაშინ  შესაძლებელი იყო პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირობებში გადაწყვეტილიყო, ეს გახლავთ ძალიან მარტივი და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ექნება ძალიან დიდი ეფექტი. პირველი, ეს გახლავთ კოვიდინფიცირებულთა საწოლების და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგება, რაც სტრატეგიულია ეფექტური ფუნქციონირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების.

მეორე, ეს გახლავთ კოვიდ და არაკოვიდ პაციენტების მაქსიმალური განცალკევება ერთმანეთისაგან. ხელისუფლება წავიდა ჰიბრიდული კლინიკების გზით, რაც შეცდომაა და ის შეიძლება გახდეს და გახდა კიდეც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო. აუცილებელია მასიური ინფიცირებისთვის მომზადება, სამხედრო ჰოსპიტლების ან მასიური ტერიტორიების სახით. უნდა დაიწყოს მისი აღრიცხვა, აღჭურვა, მომზადება და ეს უნდა მოხდეს სწრაფად.

ბოლო, ეს არის ექიმების, ექთნების, ტექნიკური პერსონალის, სამედიცინო სფეროში მომუშავე პერსონალის აღჭურვა ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით, რაც კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება და მეტყველებს იმაზეც, რომ ძალიან დიდია ჩვენი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი. ამ 4 პუნქტის შესრულება შეიძლებოდა აქამდეც და შეიძლება ეხლაც, თუმცა ამს სჭირდება პასუხისმგებლიანი და ეფექტური ხელისუფლება.“ - განაცხადა კალოიანმა.

ამავე თემაზე