2020-10-16 18:57:50
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 2 453 სასუნთქი აპარატია მობილიზებული

ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სისტემის განკარგულებაშია 17 990 ექიმი, მათ შორის 500-მდე ინფექციონისტი და 1400-ზე მეტი რეანიმატოლოგი, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მობილიზებულია 2453 სასუნთქი აპარატი.

„ყოველდღიურად ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების მზარდი რაოდენობა, რაც გარკვეულწილად იწვევს დაძაბულობას და ქმნის შიშის ფონს საქართველოს მოქალაქეებში. ასეთ დროს ნებისმიერი არასწორი ინფორმაცია თუ მესიჯი, რომელიც ვრცელდება მედიაში, კიდევ უფრო ზრდის და ართულებს სიტუაციას. შეიძლება შეიქმნას გარკვეული პანიკის საფუძველი, როდესაც ამის საშიშროება არ არსებობს. ამ მიზნით სამინისტრო გეგმავს, ინტენსიურად გაავრცელოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, ჩვენს ხელთ არსებული სიმძლავრეებისა და ჩვენი გეგმის შესახებ.

დღეისათვის, კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება და 3700-მდე საწოლი. კლინიკებისა და საწოლების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით შემდეგია: თბილისში - 18 კლინიკა და 1987 საწოლი, აჭარა - 11 კლინიკა და 731 საწოლი, იმერეთი - 10 კლინიკა და 644 საწოლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 კლინიკა და 190 საწოლი, შიდა ქართლი - 1 კლინიკა და 164 საწოლი, მცხეთა-მთიანეთი - 1 კლინიკა და 111 საწოლი, გურია - 1 კლინიკა და 21 საწოლი. გარდა ამისა, ქვეყანაში მობილიზებულია 2453 სასუნთქი აპარატი. რაც შეეხება გადამზადებულ მედპერსონალს, ქვეყანაში დღეისათვის გადამზადებულია 3900-ზე მეტი ექიმი და 2300-ზე მეტი მედდა და სანიტარი.

ქვეყნის მასშტაბით ტრენინგი ჩაუტარდა 2044-ზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას. კოვიდპაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 კოვიდ-სასტუმრო, სადაც დღეისათვის 1200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. პარალელურად შემუშავებულია დამატებითი დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან ამ პროცესში. ზოგადად საწოლფონდის რაოდენობა საქართველოში უფრო ჭარბია, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს.

სულ გვაქვს 17 400-ზე მეტი საწოლი, მათ შორის ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის საწოლებია 2290. ქვეყნის მასშტაბით გვყავს 17 990 ექიმი, მათ შორის 500-მდე ინფექციონისტი და 1400-ზე მეტი რეანიმატოლოგი. ექთნების რაოდენობა 14 800-ს აღემატება. ეს არის სიმძლავრეები, რაც დღეისთვის ჯანდაცვის სისტემის განკარგულებაში“, - განაცხადა ადამიამ.

ამავე თემაზე