2020-10-16 12:27:53
მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორი არასრულწლოვანი ბრალდებული დაიკითხება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ადვოკატების განცხადებით, პროცესზე ორი არასრულწლოვანი პირი დაიკითხება.

როგორც პროცესის დაწყებამდე ბრალდებული ნ.ქ.-ს ადვოკატმა, დალი იმნაიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ გეგმავს და თავისი უფლებით დასკვნით სიტყვაში ისარგებლებს.

„გრძელდება პროცესზე ბრალდებულების დაკითხვა. დღეს ბრალდებულების უმეტესობა ალბათ მისცემს ჩვენებას. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, შეიძლება, მან ჩვენება არ მისცეს და დასკვნით სიტყვაში ჩამოაყალიბოს ჩვენება. რაც შეეხება მოლოდინს, მოვლენები სასწაულებრივად იცვლება დაცვის თვალსაზრისით. დაიკითხა წინა პროცესზე ზ.ხ, რომელმაც მისცა სასამართლოს ჩვენება, რითაც დადასტურდა, რომ ამირხანაშვილი თავისი ნებით როდესაც ჩაჯდა მანქანაში, ჩაჯდომამდე იგი იქცეოდა არაადეკვატურად, იწერდა პირჯვარს. მანქანაში მსხდომები ეუბნებოდნენ, რომ მოეძებნათ მისი მეგობარი გარდაცვლილი შაქარაშვილი, რაზედაც ჩიქოვანს და სხვებს უპასუხეს, რომ აზრი არ ჰქონდა მის მოძებნას. მე მიმაჩნია, რომ ამირხანაშვილმა გამოძიება შეიყვანა შეცდომაში. ამიტომ, ვნახოთ, დღევანდელი ბრალდებულები რა ჩვენებას მისცემენ და ამის შემდეგ გადაწყდება ის სურათი, რას ჰქონდა მაშინ ადგილი“, – განაცხადა დალი იმნაიშვილმა.

​პროკურორი ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულების მხრიდან არ ელოდებიან სანდო ინფორმაციის მიწოდებას.

„წინა პროცესზე ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ. დავკითხეთ. ჩვენი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ჩვენების მისაცემად მზად არიან არასრულწლოვნები ლ.შ. და გ.მ. ვნახოთ, რა ჩვენებას მისცემენ ისინი სასამართლოს. ბრალდების მხარეს მაღალი მოლოდინი არ აქვს, ჩვენების მიცემისას მათი მხრიდან სწორი ინფორმაციის მიწოდების. მოგეხსენებათ, ბრალდებულები და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები არ ფრთხილდებიან ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის თაობაზე. როგორც წინა პრაქტიკამ აჩვენა, აღნიშნული პირები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს, მათ შორის, გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციისგან განსხვავებულს. აუცილებლად გვექნება შეკითხვები, თუკი განსხვავება იქნება გამოძიებაში მიცემულ და სასამართლოში მიცემულ​ ჩვენებებს შორის. ასევე, კითხვები გვექნება სატელეფონო კონტაქტებთან დაკავშირებით. ლ.შ.-ს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებამდე „მერსედესში“ მყოფ ბრალდებულთან - ირაკლი მუმლაძესთან აქვს 21 ზარი განხორციელებული და ასევე სხვა პირებთანაც აქვს სატელეფონო კავშირები, მათ შორის, ვახტანგ ჩიქოვანთან და ნიკოლოზ ცუცქირიძესთანაც“, - აცხადებს ნანა გუგუტიშვილი.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  

ამავე თემაზე