2020-10-16 10:43:49
ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის „თავდაცვის არმიის“ მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით აგრძელებს სარაკეტო-საარტილერიო იერიშებს და შეტევას ჩრდილოეთის მიმართულებით.

პრესსამსახურის თანახმად, ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებას „თავდაცვის არმიის“ სამხედრო ნაწილები აკონტროლებენ.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში სომხურ მხარეს ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები უტევენ გორანბოის, ტერტერის, აგდამის და აგჯაბადინის რაიონებს.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ღამით, სომხურმა ძალებმა გააქტიურება სცადეს ფრონტის რამდენიმე მიმართულებით, თუმცა, ყველა მცელობა აღიკვეთა, მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი აქვს და აზერბაიჯანი უპირატესობას ინარჩუნებს ფრონტის მთელ ხაზზე.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები.

ამავე თემაზე