2020-10-15 19:53:02
პროკურატურამ „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულ თ.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 2020 წლის 13 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში, თ.ყ. ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო ღონისძიების ფარგლებში, სხვა პირებთან ერთად ქალაქის ქუჩებში მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანევრირების გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ.ყ.-მ, „მერსედესის “ მარკის ავტომანქანის მძღოლს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრს პ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა, თ.ყ. იმავე დღეს ქ.ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
 

ამავე თემაზე