2020-10-15 17:24:28
ნინო ქადაგიძის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა სასამართლოში განხორციელდეს ცვლილებები - დოლიძე 

ნინო ქადაგიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში არ უნდა ვეძიოთ მთავარი, რომელიც უნდა ახასიათებდეს მოსამართლეს - თავისუფალი, გაბატონებული ძალებისაგან განსხვავებული აზროვნება, შესაძლებლობა, რომ დაუპირისპირდეს თუნდაც ყველაზე სერიოზულ და ძლიერ ძალას, - ასე აფასებს დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის დანიშვნას.

„ნინო ქადაგიძე მთელი დეკადის განმავლობაში იყო უშუალო, პირდაპირი და აბსოლუტურად მორჩილი შემსრულებელი ხელისუფლებების დაკვეთების. ეს არის მოსამართლე, რომელიც არასოდეს გამოირჩევა მოსამართლისთვის დამახასიათებელი თვისებით - დამოუკიდებელი, განსხვავებული და თავისუფალი აზროვნებით. სისტემა, კლანი, ხელისუფლება ამ შემთხვევაში ნინო ქადაგიძის სახით ახალისებს მორჩილებას. იგი ნაცმოძრაობის მმართველობამდეც იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, წინა ხელისუფლების დროს შეინარჩუნა თანამდებობა და ახლა წახალისდა ამ ხელისუფლების დროს, რადგან არის კარგი გამფორმებელი, კონფორმისტი პოლიტიკური ნებისა,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

დოლიძის თქმით, ამ ხელისუფლებამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა, რაიმე ცვლილება განახორციელოს სასამართლოში.

„ჩათვალეთ რომ ვართ ბრეჟნევის ეპოქის მმართველობის ხანაში. ჭაობი გვაქვს როგორც ქვეყანაში, ასევე სასამართლოში. არავითარი მუხტი, არავითარი რეფორმა და ცვლილება ამ ხელისუფლების პირობებში არ იქნება. პროგრესი და წინსვლა ჩვენ სასამართლოსთან მიმართებაში ამ ხელისუფლების პირობებში არ გვექნება. ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თუ გვინდა სწრაფი გადაწყვეტილებები, მეტი ინვესტიციები და სამუშაო ადგილები,“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

ამავე თემაზე