2020-10-13 11:22:47
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამა კირიონს. ვიცნობ მას როგორც გამორჩეულ და ღირსეულ ღვთისმსახურს-მარიამ ჯაში

„ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხს იყენებს ვიწრო-პოლიტიკური მიზნებისათვის, წინასაარჩევნოდ - ასე ეხმაურება „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" გენერალური მდივანი, მარიამ ჯაში დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

ჯაშის თქმით, ფრაქცია დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ორჯერ მიმართეს აღნიშნული საკითხის პრობლემით, როგორც პრემიერ-მინისტრს ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს.

„საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა წლების მანძილზე თავს არიდებდა საჯარო განხილვებს, რაც მართებული იყო. დღეს კი ყველაზე ხმაურიანი, მიუღებელი ფორმითა და ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებისათვის ყველაზე შეუფერებელ დროს ხდება საჯარო დებატების გააქტიურება. ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა არა პოპულისტური განცხადებებით და კონფლიქტის გამაღვივებელი მოქმედებებით უნდა გადაწყდეს, არამედ აკადემიური მსჯელობით და ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგით დიპლომატიური სამსახურების ჩართულობით.

თუკი საბოლოოდ დავით გარეჯისა და მიმდებარე ტერიტორიების საკითხი საქართველოსთვის სასიკეთოდ გადაწყდა, ეს უპირველესად საქართველოს ცხუმ აფხაზეთის, კათოლიკოს-პატრიარქის და საპატრიარქოს დამსახურება იქნება. არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა შეეცადოს პოლიტიკური ქულების ჩაწერას, მით უმეტეს, რომ კონკრეტული ქმედებებით თუ უმოქმედობით, ყველა მთავრობამ დაუშვა შეცდომები.

იქ სადაც წლების მანძილზე იდგნენ ქართველი მესაზღვრეები დღეს დგანან აზერბაიჯანელი ჯარისკაცები. მაგრამ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა 1996 წლის შეთანხმების შემდეგ და საზოგადოებას ბევრ კითხვაზე სჭირდება პასუხი,"-განაცხადა ჯაშმა.

მარიამ ჯაშიმ ასევე აღნიშნა, რომ მამა კირიონს, წლებია იცნობს და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამა კირიონს. ვიცნობ მას როგორც გამორჩეულ და ღირსეულ ღვთის მსახურს, რომელიც მამა გაბრიელის კურთხევით 25 წელია ემსახურება დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსს და იბრძვის ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ინტერესების დასაცავად.

ბატონი ივერი მელაშვილისა და ქალბატონი ნატალია ილიჩოვას საქმეზე - ჩვენ უპირობოდ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და წინასწარი შეფასებებისგან თავს ვიკავებთ. აქვე ვთვლით, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებაში ექსპერტები არ არიან გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისად პასუხისმგებელი პირები.

დაბოლოს, შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო დაძაბა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გარემო და შესაძლოა დააზიანოს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები. ამიტომ ვფიქრობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე უნდა შეჩერდეს საგამოძიებო მოქმედებები და მოიძებნოს სამართლებრივი ფორმა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ექსპერტები პროცესის დასრულებამდე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. არჩევნების შემდეგ, კი გამოძიება რომ არ დარჩეს საარჩევნო პოპულისტურ ნაბიჯად - აუცილებლად უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე,"-აღნიშნა ჯაშმა.

ამავე თემაზე