2020-10-12 15:49:20
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მდიდარი მთავრობისა და ღარიბი ხალხის ბიუჯეტია - ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, 2020-21 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს. ბაქრაძის თქმით, ეს ბიუჯეტი, როგორც წინა წლებში, ახლაც არის მდიდარი მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. 

„ქვეყანა არის ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და ამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი არის გარდამტეხ ცვლილებებში. დღეს მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, სადაც არანაირი ცვლილება არ ხდება. დღევანდელი ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა წლებში, არის მდიდარი მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც გააგრძელებს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც არ ამცირებს სამთავრობო ხარჯებს, გააგრძელებს მთავრობის კარგ პირობებში ცხოვრებას და გამოსავალს არ აძლევს მოსახლეობას, რომელიც ჩავარდნილა უკიდურეს ეკონომიკურ პრობლემაში.

ამიტომ, ეს არის მდიდარი მთავრობის და ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე მოხდება გარდამტეხი ცვლილება და მომავალი კოალიციური ხელისუფლება აუცილებლად შეცვლის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს. ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ განხილვაში მონაწილეობა მივიღეთ იმის გამო, რომ მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, როგორ ზრუნავს "ქართული ოცნება" არჩევნების წინ საკუთარ თავზე, საკუთარ კომფორტზე, საკუთარ ძალაუფლებაზე და არჩევნების წინაც კი შემოტანილი ბიუჯეტი არ ასახავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას"- განაცხადა ბაქრაძემ

ამავე თემაზე