2020-10-12 13:45:48
"საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ" ჯიქურების მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა

დუშეთის რაიონის სოფელ არღუნში მცხოვრები შვიდშვილიანი ოჯახი ამიერიდან საკუთარ სახლში იცხოვრებს. "საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ" ჯიქურების მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი საჩუქრად უკვე გადასცა.

შვიდი შვილის თავდადებული დედის შორენა შენგელიძეს ისტორიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ქალის შესაძლებლობებს და შვილებისთვის თავგანწირვას საზღვარი არ აქვს. შორენას ინვალიდი მეუღლე ჰყავს და შვიდი შვილის გაზრდა მარტოს უწევს, ოჯახის შემოსავლის წყარო მხოლოდ სოციალური დახმარებაა,  შორენა შვილებისთვის საკვებს და ზამთარში გასათბობ შეშასაც ვალად ყიდულობდა და შემდეგ დაგროვილ ვალს ეტაპობრივად იხდიდა.

თუმცა, ჯიქურების ოჯახის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი სახლი იყო. ისინი 10 წლის მანძილზე ნათესავის სახლში იყვნენ შეკედლებულნი, ნათესავის, რომელიც ჯიქურების მრავაშვილიან ოჯახს სახლში უსასყიდლოდ აცხოვრებდა. სამწუხაროდ, მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სასწრაფოდ თანხა დასჭირდა,  თანხის  მოძიების ერთადერთი საშუალება კი სახლის გაყიდვა გახლდათ. შორენას და მის შვიდ შვილს სახლი ოქტომბრის ბოლოს უნდა დაეცალათ, ისინი უსახლკარობისთვის იყვნენ განწირულნი.

შორენა შენგელიძის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი ტელეკომპანია "ტვ პირველმა" და ჟურნალისტმა მაია სტეფნაძემ მოამზადეს. ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ გამოეხმაურა ჯიქურების ოჯახის გასაჭირს და შორენა შენგელიძეს 10 წლის ნანატრი ოცნება აუსრულა - მას ის სახლი, სადაც 10 წლის მანძილზე ცხოვრობდა, საჩუქრად გადასცა.

სახლის მოსაწყობად კი შორენას ქართველმა ემიგრანტებმა და კეთილმა ადამიანებმა საკმაოდ სოლიდური თანხა შეუგროვეს. ჯიქურების ოჯახის ისტორია, კიდევ ერთი მაგალითია, იმის რომ საზოგადოებისა და კერძო ბიზნესის ჩართულობით შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამ ერთობით რადიკალურად შეიცვალა ერთი მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრება, ამიერიდან ჯიქურების ოჯახში მცხოვრებ 7 ბავშვს არც საკვების, არც შეშის და არც სახლის პრობლემა აღარ ექნებათ. შორენა შემოსული თანხით მეურნეობის მოწყობას და სახლის გარემონტებას აპირებს.

"საქართველოს ეროვნული ლატარია" მადლობას უხდის საკუთარ მომხმარებლებს, რადგან ლატარიის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება. ასე, რომ როდესაც თქვენ თამაშობთ ლატარიას, ავტომატურად ხდებით ქველმოქმედების მონაწილე და ეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.


 

 

 

ამავე თემაზე