2020-09-16 18:50:11
არჩევნების გადადების საჭიროება არ არსებობს და ბრალდება, თითქოს მმართველი გუნდი ამას აპირებს, ტყუილია – მდინარაძე

არჩევნების გადადების საჭიროება არ არსებობს და ბრალდება, თითქოს მმართველი გუნდი ამას აპირებს, ტყუილია – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ძალიან კრიტიკული გაზაფხული გვქონდა. დღეში, ქვეყნის მასშტაბით 200 ტესტამდე კეთდებოდა და მსოფლიოში სიკვდილიანობა შვიდ პროცენტზე იყო. იყო ქვეყნები, სადაც 10-15 პროცენტამდე იყო. ჩვენ ყველაზე კრიტიკული მომენტი გადავლახეთ. მსოფლიოს მიდგომა, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ, სწორი მიდგომაა, რადგან ჩაკეტვა და უმკაცრესი ღონისძიებები, რაც გამართლებული იყო და რისი შედეგიც ვნახეთ პირველ ეტაპზე, გამართლებული არ არის და მსოფლიოც ასე იქცევა.

არჩევნების საკითხსაც ასე უნდა მივყვეთ - არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, ეკონომიკაც არ უნდა გავაჩეროთ, რადგან ამისი აუცილებლობა არ არის, მაგრამ ამავე დროს, სიკვდილიანობის პროცენტის ასე შემცირება იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი არაფრად მივიჩნიოთ და ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეიძლება, ეს მდგომარეობა ერთი წელი იყოს და ეკონომიკას ვერავინ გააჩერებს. პირველ ეტაპზე, როცა ვირუსს არ იცნობდნენ, ჯანდაცვის სისტემა ასეთი მომზადებული არ იყო, მაშინ საჭირო იყო ის ღონისძიებები, რამაც შედეგი მოიტანა, მაგრამ დღეს ამის აუცილებლობა არ არის, ვირუსს ერთად უნდა ვებრძოლოთ. სხვათა შორის, ოპოზიციის მხრიდან ბრალდება წამოვიდა, რომ ხელისუფლებას სჭირდება არჩევნების გადადებაო.

ფიქრადაც არ გაგვივლია, ეს არის ტყუილი და დაბრალება, რომ თითქოს, მმართველი გუნდი არჩევნების გადადებას ფიქრობს. არანაირი საჭიროება გადადების არ არსებობს, რადგან ვირუსთან თანაცხოვრება არა მხოლოდ ეკონომიკის არჩაკეტვას, არამედ არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე