2020-09-16 14:58:53
ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება, ერთადერთი, რაც დამამშვიდებელია, ვირუსის აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია – გამყრელიძე

ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება, ერთადერთი, რაც დამამშვიდებელია, ვირუსის აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება. ჯერ-ჯერობით მსოფლიოში ყოველდღიური ახალი შემთხვევების კლება არ არის. ის ყოველდღიურად აჭარბებს 250-270 ათასს და სამი დღის წინ გახლდათ პიკური, როდესაც 300 ათასს გადააჭარბა. მთლიანად ინფიცირებულთა რაოდენობა 30 მილიონს მიუახლოვდა და სამწუხაროდ, კორონავირუსული ინფექციით და მისი გართულებებით დაახლოებით, 940 ათასამდე ადამიანი უკვე დაიღუპა.

დაძაბულია სიტუაცია ჩვენს რეგიონში, მხედველობაში მაქვს, ევროპის რეგიონი, ასევე, ჩვენი მეზობლები, ოთხივე, ვისთანაც საზღვარი გვაქვს, სერიოზულად იზრდება ინფიცირების შემთხვევები უკრაინაში, ცენტრალურ აზიაში. კვლავ დაიძაბა სიტუაცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში – ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ასევე მატება აღინიშნება გერმანიაში, ნორვეგიასა და კიდევ სხვა ქვეყნებში, ამიტომ, ქედან დასკვნა, რომ კორონავირუსული ინფექცია ჯერ უკან არ იხევს. პანდემია გრძელდება. ერთადერთი, რაც გახლავთ დამამშვიდებელი, არის ის, რომ ვირუსის ვირულენტობა, ანუ აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია. თუ გაზაფხულზე სიკვდილიანობის პროცენტი გლობალურად გვქონდა 7, დღეს არის 3,2 და შემთხვევების უმრავლესობა მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მსუბუქად. რაც შეეხება კრიტიკულ ავადმყოფებს, გლობალურად მათი რაოდენობა მარტო ერთი პროცენტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე