2020-09-16 11:56:24
ორსულთა გულისრევა-პირღებინებაზე ე.წ ორსულთა ტოქსიკოზზე გვესაუბრება ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკის მეან - გინეკოლოგი ხათუნა გაბრიჭიძე
  1. რა არის ორსულთა გულისრევა-ღებინება ­- ე.წ ორსულთა ტოქსიკოზი?        

ორსულთა ტოქსიკოზი მოძველებული ტერმინია და დღესდღეობით ამ მდგომარეობას ორსულთა გულისრევა-პირღებინებით მოიხსენიებენ. ის ორსული ქალების 75-80% ში გვხვდება.გამოხატულების ფორმები სხვადასხვაა.საბედნიეროდ ორსული ქალების უმრავლესობას  მსუბუქი  გულისრევა-ღებინება აღენიშნებათ რომელსაც“ დილის გულისრევა“ ჰქვია. ორსულთა ძლიერი პირღებინება პათოლოგიური მდგომარეობაა რომლის დროსაც პაციენტს დღის მანძილზე 3- ზე მეტი პირღებინება და სხეულის მასის 5% -ზე მეტის კარგვა აღენიშნება. ამავდროულად არის ცვლილებები ლაბორატორიულ ანალიზებში. აქვე შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს მდგომარეობა უფრო ხშირად ახალგაზრდა პირველმშობიარეებში გვხვდება.

  1. როდის ვითარდება ის და სანამდე გრძელდება?

სიმპტომები იწყება დაახლოებით ორსულობის 5-6 კვირიდან,პიკს აღწევს 9 კვირაზე და სუსტდება ან  ქრება ორსულობის 16-20 კვირისათვის. 15-20% შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს მესამე ტრიმესტრამდე. ხოლო 5 % -ში მშობიარობამდე.

  1. რა იწვევს ორსულთა გულისრევა-ღებინების განვითარებას?

ორსულობის დროს გულისრევა-ღებინების  გამომწვევი რისკ-ფაქტორებია :გულისრევა-ღებინება წინა ორსულობის დროს, ტყუპი ნაყოფი,კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებები,გენეტიკური ფაქტორები, B6 ვიტამინისა და თუთიის დეფიციტი. ხშირია ქალებში რომელთაც აწუხებთ შაკიკი,ზღვის დაავადება, დეპრესია. ტოქსიკოზის გამომწვევ ძირითად მიზეზად ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებია მიჩნეული.

  1. როგორია მისი მკურნალობა

როდესაც სახეზეა მხოლოდ გულისრევა,მკურნალობა მოიცავს კვებისა და ცხოვრების წესის შეცვლას,კოჭას და B6 ვიტამინის მიღებას.იმ ორსულებში სადაც ღებინება უფრო გამოხატულია ,მაგრამ არ აღინიშნება გაუწყლოების ნიშნები პაციენტის მკურნალობა ამბულატორიულად მედიკამენტებით ხდება.თუკი ორსულში ძლიერი პირღებინება და გაუწყლოების ნიშნებია გამოვლენილი როგორიცაა: სისუსტე, თავბრუსხვევა, წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე,გულის აჩქარება, შემცირებული შარდვა, გაძლიერებული ნერწყვდენა,ვერ ახერხებს ღებინებებს შორის საკვების და წყლის მიღებას რეკომენდებულია პაციენტის კლინიკაში დროული მოთავსება და შესაბამისი მკურნალობა.

  1. ახდენს თუ არა ტოქსიკოზი ნაყოფზე გავლენას?

ეს მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი გულისრევა-პირღებინება ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. მძიმე ფორმის დროს კი დედის გაუწყლოება ნაყოფზეც აისახება. ნაყოფს აღარ მიეწოდება ორგანიზმისათვის საჭირო საშენი მასალა,შესაბამისად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნაყოფის ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენას, ჟანგბადის მიწოდების შემცირებას. სწორედ ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ექიმთან დროული კონსულტაცია.

  1. რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მისცეთ ორსულებს რომელთაც აწუხებთ ე.წ ტოქსიკოზი?

რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით,ყოველ 1-2 საათში,რათა თავიდან იქნას აცილებული კუჭის გადავსება.კარგია მშრალი, ცილოვანი, მარილიანი, ნაკლებცხიმიანი საკვები, ასევე პიტნა და პიტნის საწუწნი კანფეტები. კუჭის სისავსის თავიდან ასაცილებლად კვებამდე 30 წუთით ადრე და კვებიდან 30 წუთის შემდეგ ორსულმა უნდა მიიღოს სითხე,სასურველია ცივი ან გრილი სახით. განსაკუთრებით ეფექტურია გრილი კოჭას ჩაი.მნიშვნელოვანია ტრიგერების ანუ გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილება როგორიცაა ჩახუთული ოთახი, სიცხე, მძაფრი სუნი,ხმაური ,გადაღლა, მგზავრობა, გადამეტებული ვარჯიში, კვების შემდეგ ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება, რაც აფერხებს კუჭის დაცლის პროცესს. ტკბილი, ცხარე და ცხიმიანი საკვები. რეკომენდებულია კვების შემდეგ კბილების გამოხეხვა, ორსულთა ვიტამინების მიღება საღამოს საათებში, რკინის პრეპარატების მიღების შეწყვეტა. საწოლიდან ადგომამდე მშრალი პურის ან მარილიანი კრეკერების მირთმევა.

ამავე თემაზე