2020-09-14 11:23:08
ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია – NDI

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია.

„მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკაზე აქცენტი თანხვედრაშია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალთან, რომლის სათავეშიც უკვე წლებია დასაქმება (49 პროცენტი), სიღარიბე (39 პროცენტი) და ფასების ზრდა/ინფლაცია (20 პროცენტი) ექცევა. მოსახლეობის ეკონომიკური პრიორიტეტები გეოგრაფიული დასახლებების მიხედვით განსხვავდება. თბილისში და სხვა ურბანულ დასახლებებში (58 პროცენტი და 46 პროცენტი) მოქალაქეები პრიორიტეტს ტურიზმის განვითარებას ანიჭებენ, სოფლის ტიპის მოსახლეობა კი – მიწათმოქმედებას (75 პროცენტი) და მესაქონლეობას (59 პროცენტი). ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია“,- აღნიშნულია „ენდიაის“ ინფორმაციაში.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%

ამავე თემაზე