2020-09-10 10:34:08
რატომ იმყოფება ექიმი ვატო ყიფიანი ციხეში?! - მედიკოსების პროტესტი და დაუცველობის განცდა

მედიკოსები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ, ექიმ ვატო ყიფიანის მხარდასაჭერად. ამჯერად პროტესტი ფოტოების საშუალებით გამოხატეს, სადაც თითოეულმა მათგანმა ბორკილები გაიკეთა და პროფესია დაიწერეს, როგორც „მსჯავრდებულის ნიშანი“

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უსამართლობის განცდა, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პოზიციაზე პროკურატურის უმოქმედობამ კიდევ უფრო გაუღრმავა. როგორც გაირკვა ექიმი გახდა „გაუგებრობის“ და დაურეგულირებელი სამედიცინო კანონმდებლობის მსხვერპლი. ე.ი. ბრალდებულია ექიმი, რომელიც უდანაშაულოა და უსაფუძვლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.

საქართველოს კარდიოლოგიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ ჩუხრუკიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურამ ექიმი ყიფიანი, ლიცენზიის გარეშე ოპერაციის ჩატარების ბრალდებით დააკავა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ოპერაციის ჩატარების უფლება ვახტანგ ყიფიანს ჰქონდა.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ლიცენზიების თემის განხილვა ხდება პირველ პროცედურასთან მიმართებაში,რომელიც წარმატებით დამთავრდა. როდესაც მეორე ოპერაცია იყო დაგეგმილი და პაციენტი გართულდა, ვახტანგ ყიფიანს პროცედურა არც კი დაუწყია.

„ჩვენი საერთო პოზიციით, დაახლოებით 30-მა ასოციაციამ პეტიციასაც მოაწერა ხელი და მიმართა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ისე პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ ბატონი ვატო წინასწარი პატიმრობიდან იყოს გათავისუფლებული, იმიტომ რომ დღეს მისი პატიმრობაში ყოფნა არის აბსოლიტურად უკანონო და აბსოლიტურად არ არის დასაბუთებული, ვინაიდან ის ბრალდებები რომელიც წარადგინა პროკურატურამ არის გაბათილებული ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტებით. შესაბამისად ბრალდების შემადგენელი არ არსებობს"-აცხადებს ჩუხრუკიძე.

გარდა ამისა, სამედიცინო სფეროს თითქმის ყველა წარმომადგენლისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ფაქტი, რომ ექიმს წინასწარი პატიმრობა შეუფარდო, რადგან ის კრიმინალი არ არის. ამასთან, ექიმების თქმით, გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს, გაირკვეს რა და როგორ მოხდა.

„წინასწარი პატიმრობის შეფარდება ექიმზე არის აბსოლიტურად მიუღებელი ჩვენთვის, იმიტომ რომ ის არც ტერორისტია, არც კრიმინალია ადამიანი რომელიც თავის საქმეს აკეთებდა. ეს პროცესი მიმდინარეობს წელიწადი და ცხრა თვეა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მას გაქცევა და საქმის გაყალბება რომ ნდომოდა აქამდეც მოახერხებდა. ამიტომ მისი პატიმრობაში ყოფნა არის უკანონო, უსაფუძვლო და აბსოლიტურად დაუსაბუთებელი.

ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად ყველა დეტალი უნდა იყოს გამოძიებული. რა მოხდა, როგორ მოხდა, იყო თუ არა სამედიცინო შეცდომა, ამაზე ჩვენ არ ვდაობთ. ჩვენ ვამბობთ, რატომ ზის ბატონი ვატო ყიფიანი წინასწარ პატიმრობაში ციხეში, რა აუცილებლობაა ამაში, როდესაც მას რაც ბრალდებოდა გაბათილებულია“ აცხადებს არჩილ ჩუხრუკიძე.

„მთელი სამედიცინო საზოგადოება ვთვლით და მინისტრმაც აღიარა ფაქტიურად ეს ამბავი რომ ვატო ყიფიანი ტყუილად ზის ციხეში. ჯანდაცვის მინისტრის სიტყვებით, რომ ვთქვათ ეს იყო გაუგებრობა, რის გამოც ეს ადამიანი აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე, შემდეგ კი ციხეში. მომავალში რა იქნება, გაამართლებს არ გაამართლებს სასამართლო ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ახლა გაუგებრობის გამო, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ციხეში,"-განაცხადა ექიმმა ლევან ვაშაკიძემ.

„ვაპროტესტებ იმ ფორმას, რა ფორმითაც ვატო ყიფიანი არის დაკავებული. ბუნებრივია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს. ხოლო დაკავების ფორმა ჩემთვის არის წარმოუდგენელი, რადგან ვთქვათ რომ სასამართლო სხდომის ჩატარებამდე მისი გარეთ ყოფნა ხიფათი ყოფილიყო ვინმესთვის კიდევ გავიგებდი, მაგრამ ამ წუთას ამას მე ვერ ვხედავ. მიუხედავად, იმისა რომ ვატო ყიფიანთან პირადი მეგობრობა არ მაკავშირებს, ჩვენ მხოლოდ გამარჯობით ვიცნობთ ერთმანეთს, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მაინც სოლიდარული ვიქნებოდი,"-აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

ექიმმა, გუგა ქაშიბაძემ ასევე კარიკატურებიც დახატა ექიმების მიმართ დამოკიდებულების აღსაწერად.

„სოლიდარული ვარ ჩემი კოლეგის მიმართ და გულის სიღრმეშიც და ისედაც. კარიკატურას რაც შეეხება იყო გულიდან ამოსული, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, აქციებს სამწუხაროდ ვერ დავესწარი მხოლოდ იმიტომ რომ ქალაქში არ ვიყავი, თუმცა ვატოს გვერდით ვდგავარ ყველანაირად,"-განაცხადა გუგა ქაშიბაძემ ჩვენთან საუბარში.

„ეს ჩვენი პროტესტია საზოგადოების, ექიმების მიმართ დამოკიდებულების გამო!

სამედიცინო სტატისტიკა იმის მაუწყებელია, რომ ოპერაციები ყოველთვის ისე არ მთავრდება , როგორც უნდა დასრულებულიყო და
ექიმებს მთელს პლანეტაზე ხანდახან მარცხდებიან.
განაჩენი საზოგადოების მოთხოვნის მიხედვით არ უნდა დგებოდეს, არამედ სიმართლის მიხედვით!
ჩვენ ვიცით - ვატო მართალი ექიმია!!
თავისუფლება ვატო ყიფიანს!!!"-წერს სოციალურ ქსელში ექიმი პაატა გოგორიშვილი.

არ შეიძლება ისედაც სტრესულ სამუშაოს დაემატოს შიში, ამბობენ ექიმები:

„მე არ მინდა ჩემი შვილმი გახდეს ექიმი, აბსოლუტურად გააზრებულად ვამბობ ამას და მიკვირს, რატომ უხარიათ მშობლებს, მათი შვილების ექიობა, რათქმაუნდა, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

აღარ მინდება ჩემს სტრესულ პროფესიაში არსებულ ადრენალინს დავამატო შიში, რომ ერთ დღეს, ვიღაცას თუ უბრალოდ მოესურვება, ჩემს კოლეგებთან ერთად, სრულიად უდანაშაულოს, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევით თავს მიკრავს ციხეში.

ამ ამბავში არ არსებობს ორი მხარე - პაციენტი და ექიმი, ამ ამბავში ორივე, ერთ მტერთან, დაავადებასთან მებრძოლი მხარეა და როდესაც ვიღაც, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ცდილობს გაყოს მოკავშირეები, ყველა წაგებულია!!! დაავადებასთან და ბოლოს, სიკვდილთან წაგებული!"-წერს სოციალურ ქსელში ანი ქავთარაძე.


უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/100004211322654/posts/1662280433922318/?extid=0UQ0xRSkcUR7N3jZ&d=n 


 

ამავე თემაზე