2020-09-01 17:45:37
პოლიციელს, რომელიც ლისის ტბასთან 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ქ. თბილისში, ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პატრულ ინსპექტორს ი.ც.-ს ბრალდება წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა ი.ც.-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და მისი მართვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულეს, 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო მ.გ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ი.ც. 31 აგვისტოს დააკავეს. 01 სექტემბერს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა." - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ამავე თემაზე