2020-08-13 11:00:26
წარმატებული ექიმის საეჭვო დაკავება

დედაშენი განწირულია, მოკვდება! აი ზუსტად ასეთი განაჩენი გამოუტანეს 52 წლის ახალგაზრდა ქალს,ფეხს აჭრიდნენ და მიკლავდნენ! უიმედოდ დარჩენილმა მივმართე შემდგომ ვატო ყიფიანს, მისმა არაჩვეულებრივმა ადამიანობამ და პროფესიონალიზმა ჩემი დედიკო გადამირჩინეს-ასე ეხმაურება აკადემიის ლექტორი, რომელიც ასევე თავდაცვის სამინისტროს პოლიკლინიკის ექიმიცაა ქირურგ ვატო ყიფიანის დაკავებას.

თამარ ბეჟანიშვილი, ერთ-ერთია იმ მხარდამჭერთა გუნდიდან, რომელიც ექიმ ვატო ყიფიანის დაკავებას უსამართლობად აფასებენ. „პირველი რადიო" პირადად გაესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებიც ექიმის გათავისუფლებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

„დედაშენი განწირულია, მოკვდება! აი ზუსტად ასეთი განაჩენი გამოუტანეს 52 წლის ახალგაზრდა ქალს(კლინიკას და განთქმულ ექიმს შეგნებულად არ დავასახელებ), ფეხს აჭრიდნენ და მიკლავდნენ! უიმედოდ დარჩენილმა მივმართე შემდგომ ვატოს და მამას ბატონ კოტე ყიფიანს და მისი და ვატოს არაჩვეულებრივმა ადამიანობამ და პროფესიონალიზმა ჩემი დედიკო გადამირჩინეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არა მარტო ექიმის, არამედ ადამიანური თანადგომის და იმედის მაგალითია, იმ იმედის რომ დედა კარგად იქნებოდა. მივმართავ ყველა სამართალ დამცავ ორგანოებს! ვატოს დაკავება მეტი დანაშაული იქნება, დააბრუნეთ ეს ადამიანი. ექიმი თავის საქმიანობას, რამეთი კიდევ ბევრის დედიკო გადაარჩინოს.

მე თვითონ ექიმი ვარ და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ვატო თავის საქმის პროფესიონალია და ასეთი ექიმები ჩამოსათვლელია საქართველოში. ხალხო გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გთხოვთ!"-ამბობს თამარ ბეჟანიშვილი.

ექიმი ვატო ყიფიანის თავისუფლების აღკვეთას, არამხოლოდ სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლები აპროტესტებენ, არამედ სრულიად უცნობი ხალხი, ვისაც მხოლოდ ყიფიანთან ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ჰქონდათ. სოფიო ყაჭეიშვილის თქმით, დედამისს, 13 წელი სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობდნენ, ამ დროის გასვლის შემდეგ, მან ვახტანგ ყიფიანს, შუამავლების გარეშე, როგორც რიგითმა პაციენტმა ისე მიმართა. მისი თქმით, ექიმმა დიდი პროფესიონალიზმით გასინჯა დედამისი (მარინა გულუა), რომელსაც არც ფულის გამოძალვა შეუმჩნევია და არც გულგრილობა.

„ვატო ყიფიანი არა მარტო ძლიერი ექიმი არამედ ბრწყინვალე პიროვნებაა,მე დედა მყავდა მიყვანილი, დიალეზზე იყო 13 წელი და გულზე უნდა გაკეთებული შუნტირება, ვატო სისხლძარღვების სპეციალისტია ბოხუას ცენტრში, ჩვენ სულ უცხო ადამიანები მისთვის, გადაგვყვა თან, ძალიან დიდი პროფესიონალიზმით მიგვიღო და გასინჯა,არც ფულის გამოძალვა შემიმჩნევია ამ ადამიანისთვის და არც გულგრილობა, მე გვერდში ვდგავარ ამ საუკეთესო ექიმის. ბატონო ვატო არასდროს დამავიწყდება თქვენი ყურადღება და პროფესიონალიზმი,წარმატებებს გისურვებთ,"-ამბობს სოფიო ყაჭეიშვილი.

„პირველი რადიო" ერთ-ერთ ემიგრანტსაც დაუკავშირდა, რომელსაც სოციალური ქსელში სტატუსი ჰქონდა გამოქვეყნებული. ქალბატონმა გვთხოვა, მისი კონფიდენციალურობა დაგვეცვა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ექიმი ვატო ყიფიანის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს. ქალბატონმა საუბარში აღნიშნა, რომ მართალია ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის, თუმცა საქართველოში სამედიცინო სფეროში არსებულ სიტუაციას, თვალყურს ადევნებს. მისი შეფასებით აღნიშნულ სფეროში ბევრი განუკითხაობაა.

„შორიდან ვადევნებ თვალყურს სამედიცინო სფეროში როგორი განუკითხაობები ხდება და ექიმები დაუცველები არიან, როგორც სახელმწიფოს ისე პაციენტების მხრიდანაც და ეს არაა სწორი მიდგომა, რადგან ექიმებს ასეთი მიდგომით და უსაფუძვლო დაპატიმრებით გზას უჭრიან განვითარებისკენ და შემდეგში საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდებიან უფრო დიდი საფრთხის წინაშე.

ბატონმა ვატომ დანერგა ახალი მიმართულება საქართველოში უცხოელი ექიმების დახმარებით და მას სურდა მეტი პოზიტიური ცვლილებები შეეტანა მედიცინაში, თუმცა ის დამნაშავედ შერაცხეს, რაც არ გაუგონარია ევროპის წამყვან ქვეყნებში.

არ შეიძლება დაუკარგო ეგეთ პროფესიონალ ექიმს ის ამაგი და მილიონობით წარმატებული ოპერაციები რაც მან განახორციელა მისი ექიმად მუშაობის პერიოდში და ეს არასასიამოვნო ერთი შემთხვევა, რომელიც მისი ოპერაციის დაწყებამდე მოხდა, ანესთეზიის ეტაპზეაზე, მის დაუსწრებლად, სრულიად უსამართლობის შეგრძებას უტოვებს ყველას. იგი მოულოდნელად გახდა გაუგებრობის მსხვერპლი და ჯანდაცვის მინისტრიც ამას აღიარებს.

ვადარებ ევროპის კლინიკების და ჯანდაცვის სისტემის მიდგომას და თანადგომას ექიმების განვითარებაზე და ამიტომ შემტკივა გული საქართველოში მომუშავე დაუცველ ექიმებზე.

თანაც ბატონ ვატოს აქვს უამრავი წარმატებული ოპერაცია ჩემს ოჯახის წევრებზე და ნათესავებზე განხორციელებული და ჩვენთვის მეხის დაცემასავით იყო მისი დაპატიმრების მოსმენა ,"-აცხადებს ქართველი ემიგრანტი ჩვენთან საუბარში და ამბობს, რომ სახელის იდენტიფიცირება მხოლოდ იმიტომ არ სურს, რომ ისიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, რომელიც ევროპაში მოღვაწეობს და არ სურს ღიად ჩაერიოს აღნიშნულ საკითხში.

საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა, იცის ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაკავების მიზეზი, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ლობჟანიძისა და ექიმ ვახტანგ ყიფიანის სასამართლო პროცესი 5 აგვისტოს გაიმართა. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სასამართლომ ვახტანგ ყიფიანი პატიმრობაში დატოვა, ხოლო გიორგი ლობჟანიძე 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოძიების ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ 25 წლის ქალს ოპერაცია თითქოს და შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაუტარეს. ოპერაციის დაწყებამდე გართულების გამო, 25 წლის პაციენტი თითქმის ორი წელიწადია, კომაშია. საქმეზე ბრალი მესამე პირსაც - ექიმ ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავასაც აქვს წარდგენილი, თუმცა დაუსწრებლად, რადგან ის იტალიაში ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკაში მოღვაწეობს.


 

ამავე თემაზე