2020-08-12 14:16:24
შეწყვიტეთ ჩვენი ცემა! ჩვენ მხოლოდ ხმების სამართლიან გადათვლას ვითხოვთ-ქალების აქცია მინსკში (ვიდეო)

მინსშკი, კომაროვსკის ბაზრობის მახლობლად თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილმა რამდენიმე ასეულმა ქალმა ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტა ის ძალადობა, რასაც ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უპირისპირებს.

„შეწყვიტეთ ჩვენი ცემა! ჩვენ მხოლოდ ხმების სამართლიან გადათვლას ვითხოვთ“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

მალე მილიციამ მოუწოდა ქალებს, რომ შეეეწყვიტათ არასანქცირებული მიტინგი და დაშლილიყვნენ. ამასთან, შეახსენა მათ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

იუწყებიან, რომ მილიციას ადგილზე მიყვანილი ჰყავდა ორი მიკროავტობუსი, რომელშიც ნიღბიანი სპეცრაზმელები ისხდნენ.

ქალებმა მიწაზე დადეს ყვავილები და თავზე ხელებშემოწყობილებმა დატოვეს შეკრების ადგილი.

მინსკსა და ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში მეოთხე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ხმების გამჭვირვალე გადათვლას მოითხოვენ.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 80%-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი დაახლოებით 10% მიიღო.

9 აგვისტოდან ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. 9, 10 და 11 აგვისტოს ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენა და რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავა. აქციების დარბევისას სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

 

„რადიო თავისუფლება"

ამავე თემაზე