2020-08-07 10:10:08
გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

შეკრება მიეძღვნა ექიმ ვახტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს. გამომსვლელებმა აღნიშნეს:

1. მოქმედი რეგულაციების მიხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ.

2. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასიათს;

3. თავად ის ფორმა როგორც მოხდა ექიმების დაკავება, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი.

სხდომაზე გადაწყდა რომ მოხდეს სამედიცინო საზოგადოების მობილიზება და დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:

1. ორშაბათს 12 საათზე მთელი, საქართველოს მასშტაბით , ექიმები თეთრი ხალათებით გამოვლენ სამედიცინო დაწესებულებების წინ და გააპროტესტებენ ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

2. სამშაბათს 17 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება ბრიფინგი და აქცია, რათა რეგულირების სააგენტომ გადასინჯოს თავის დასკვნა, რითაც ექიმებს სრულიად დაუსაბუთებლად ბრალად ედებათ უკანონო სამედიცინო საქმიანობა;

3. სააპელაციო სასამართლოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართება წინასწარი პატიმრობის გასაჩივრების წარდგენის დღეს.

ამასთანავე გაერთიანება წერილით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს სადაც დასაბუთებული იქნება, რომ NSCP -ის მიხედვით ( სამედიცინო ჩარევის კლასიფიკატორი) სამედიცინო ჩარევის კოდი NASR 99 (სხვა ოპერაცია ხერხემლის სიმსივნის გამო) არ მიეკუთვნება იმ ტიპის ჩარევას , რისი განხორციელების უფლებაც არ ჰქონდა დაკავებულ ვახტანგ ყიფიანს.


 

ამავე თემაზე