2020-07-31 18:54:10
ამ პირებს ოქროს მოწმეებად ვერ შევრაცხავდი, რადგან გამოძიება შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში – ზ.ხ-ს ადვოკატი

ამ პირებს ოქროს მოწმეებად ვერ შევრაცხავდი, რადგან გამოძიება შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, დაცვის მხარე საქმის მთავარი მოწმეების, გურამ ამირხანაშვილის და ვახტანგ ახვლედიანის, ჩვენებების ბათილად ცნობას მოითხოვს. 

"ვერ მივედით იმ ეტაპამდე, რომ სასამართლოს წინაშე განგვეცხადებინა ის შუამდგომლობა, რომ 2 მოწმის, ახვლედიანის და ამირხანაშვილის ჩვენებები დაუშვებლად იქნას ცნობილი. მიზეზი არის მათი არაერთხელ შეცვლილი ჩვენება, ამ მოწმეების არასანდოობა და თუ ვინმემ შეიყვანა გამოძიება ჩიხში, ან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან - ეს არის ამირხანაშვილი, ეს არის ახვლედიანი, ეს არის ბრეგვაძე, ეს არის ქათამაძე", - განაცხადა გელხაურმა

იგი საქმის, ე.წ. ოქროს მოწმეებს უნდობლობას უცხადებს. 

"ეს ის პირები არიან, რომლებმაც გამოძიებას დაუმალეს ყველა რეალური გარემოება იმ ღამესვე. ეს ის პირები არიან, რომლებიც გამოძიებას 4 სხვადასხვა ჩვენებას აძლევენ. ამ პირებს ოქროს მოწმეებად ვერ შევრაცხავდი, რადგან გამოძიება შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში. დღეს ისინი თითქოს და იხსენებენ ახალ დეტალებს და ამით პროკურატურას სურს, რომ ბრალი დაუმძიმოს დაკავებულებს", - აღნიშნა გიორგი გელხაურმა

ამავე თემაზე