2020-07-29 13:36:00
პანკისელი მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელ სახლს გუშინ 5 ტყვია ესროლეს

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში 28 ივლისის ღამეს მომხდარი სროლის შესახებ დეტალებზე საუბარს მურად ქავთარაშვილის ოჯახში ერიდებიან. ირკვევა, რომ თავდამსხმელმა სროლა მურად ქავთარაშვილის მიმართულებით მაშინ განახორციელა, როდესაც იგი თბილისიდან დაბრუნებული საკუთარ სახლში შედიოდა.

საცხოვრებელ სახლს 5 ტყვია აქვს მოხვედრილი, დაზიანებულია სახლის შესასვლელი კარი, კედლები და ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები.  

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარების მუხლით დაიწყო. ინციდენტში მონაწილე სავარაუდო პირებს ადგილობრივ პოლიციაში გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. პროცედურის დასრულების შემდეგ ისინი სახლში გაუშვეს. "მთავარის" ინფორმაციით, გამოკითხულია მოკლული ვისო მუთოშვილის ძმაც და მისი რამდენიმე მეგობარი.  

შეგახსენებთ, რომ პანკისში, გუშინ, 28 ივლისს, გვიან ღამით მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. დუისში ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. 

მურად ქავთარაშვილი დაკავშირებულია 2019 წელს მომხდარ სისხლიან გარჩევასთან, რომლის დროსაც 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. მაშინ ქავთარაშვილი ფეხში დაიჭრა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი შურისძიებას. ჯერჯერობით დაუდგენელია, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და თავდასხმის მოტივიც.

 

 

"მთავარი არხი"

ამავე თემაზე