2020-07-28 12:31:34
ასეთ პროფესიონალებს სადაზვერვო სამსახურები ამოცანების გადასაჭრელად იყენებენ -ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სამსახურს უკავშირდებოდეს

ასეთ პროფესიონალებს სადაზვერვო სამსახურები ამოცანების გადასაჭრელად იყენებენ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა დავით კუხალაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის მიმართულება, რომელზეც თანამედროვე სადაზვერვო სამსახურები აქტიურად მუშაობენ. ამ წუთში არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს გოგონა მუშაობდა სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლად. უბრალოდ, შეკვეთების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია მას გარკვეული დავალება მისცეს, შეასრულა ეს დავალება და შემდეგ გააცნობიერა, რომ ეს დავალება გარკვეულწილად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მეორე ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მას მისცეს გარკვეული დავალება, მან აღიქვა რომ ეს დანაშაულს უკავშირდებოდა, უარი თქვა ამის შესრულებაზე, აქედან შეიქმნა გარკვეული დაძაბულობა. ორივე ვერსიას აქვს არსებობის საშუალება. ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ვფიქრობ, რომ სამსახურებრივი მიმართულებით მთლად კარგი სიტუაცია არ უნდა იყოს.

სადაზვერვო სამსახურის საქმიანობაში აშკარა მოქმედებები ნაკლებად არის და შენიღბვის მაღალი დონეა გამოყენებული. შესაძლებელია ეს გოგონა და კომპანია ძალიან დაბალი დონის იერარქიას წარმოადგენდეს და რეალურად ეს ერთ-ერთი პატარა სეგმენტი იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხდება კიბერშეტევები საქართველოში და უამრავი ინფორმაციის მიტაცება ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ კარზე გვაქვს არჩევნებიც. შესაძლებელია, ამ მიმართულებითაც საინტერესო მომენტები იყოს, რადგან პერსონალურ მონაცემთა ფლობა არჩევნებში საკმაოდ კარგ „კოზირს“ აძლევს“ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას“, - განაცხადა კუხალაშვილმა.

ამავე თემაზე