2020-06-30 14:25:57
წულუკიანის პირადი შურისძიება - ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა შეუჩერეს 

წულუკიანის პირადი შურისძიება - სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერება კანონთან შეუსაბამოა.

წულუკიანის უწყების გზავნილში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მისი ოპოზიციური ხასიათის აქტივობას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელია არის ია კერზაიას, ზუგდიდის სკოლის დირექტორის შვილი, რომელიც არჩევნების პერიოდში მასზე განხორვიელებული ზეწოლის შემდეგ გარდაიცვალა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ბაჩანა შენგელიასთვის გაგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ მის წინააღმდეგ აღძრულია დისციპლინარული წარმოება. ამავე წერილით ირკვევა, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომელი ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის პირად ''ფეისბუქ'' გვერდს ერთი თვის განმავლობაში იკვლევდა და დაადგინა, რომ საჯაროდ სოციალურ ქსელში ის საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს აფიქსირებდა და ის პოლიტიკურად მიკერძოებულია.

ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს მის წინააღმდეგ ცენზურის დაწესების მცდელობაა და ამავდროულად მისი დატერორებაც, რასაც, მისივე თქმით, ხელისუფლება წელიწად ნახევარზე მეტია რაც აკეთებს და ახლა უკვე კონკრეტული სამინისტროებიც ცდილობენ, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოაშორონ. 

"მათ შეუძლიათ საკმაოდ მძიმე სანქცია გამოიყენონ ჩემ წინააღმდეგ, ამას მე ვუკავშირებ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ დაწყებულ, წელიწად ნახევრის წინ ამბავს, როდესაც დედაჩემის წინააღმდეგ იყო მსგავსი და ანალოგიური ზეწოლა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა," - ამბობს ბაჩანა შენგელია.

არასამთვრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ წერილს არანაირი სამართლებრივი ჩარჩოები არ აქვს და იმ შემთხვევაში, თუ ბაჩანა შენგელია რაიმე სახით დახმარებას თხოვს, ისინი მზად არიან, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინონ.

"ისეთ საჯარო სამსახურში ყოფნა, როგორიც არის ნოტარიუსობა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანს ეკრძალება გამოხატვის თავისუფლება," - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.

''ეს არის დოკუმენტურად დამტკიცებული დევნა'' - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები იმ უწყებას, რომელიც ბაჩანა შენგელიას იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ჩაბარდა.

"ჩვენ ვიცით, რა დიდი უბედურება გადახდა ბაჩანა შენგელიას შარშან, როდესაც დედამისი გარდაიცვალა, ეს არის უდიდესი ტრაგედია, ახლა უკვე პირდაპირ მიმდინარეობს ბაჩანას დევნა, მას უკვე პროფესიულად დევნიან, ეს არის ღია ანგარიშსწორება და ღია დევნა მის მიმართ," - ამბობს IDFI-ს თავმჯდომარე გიორგი კლდიაშვილი.

ბაჩანა შენგელიას საქმეს ეხმაურება ასევე საია-ს სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი ნანა ქურდოვანიძე, რომელიც აცხადებს, რომ არსებული ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბრძოლა მიმართულია უშუალოდ ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ.

"ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, თუ რატომ მოხდა მისთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერება, მათ შორის, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა დებულებაში ნოტარიუსთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ ზუსტად ერთი თვის წინ და ახლა ეს ნორმა იქნა გამოყენებული ბატონი ბაჩანას წინააღმდეგ," - ამბობს ნანა ქურდოვანიძე.

ბაჩანა შენგელიამ 24 ივნისით დათარიღებული უწყება სამინისტროს მხრიდან გუშინ ჩაიბარა. იგი აპირებს, რომ სტრასბურგში დედის, ია კერზაიას საქმეს ეს წერილიც დაურთოს და პარალელურად საქართველოში ყველანაირი სამართლებრივი გზით ეცადოს, რომ ეს უწყება და მის წინააღმდეგ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება ბათილად იქნას ცნობილი. 

ამავე თემაზე