2020-06-18 11:31:30
ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციასა და მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტებს სტატუსი საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიენიჭა.

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი“.

დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში“, - აღნიშნულია ბრძანებაში რომელსაც ხელს ნიკოლოზ ანთიძე აწერს. 

ამავე თემაზე