2020-06-04 14:20:53
უპასუხისმგებლობა იქნებოდა ყველა ჩვენგანის მხრიდან, რომ როცა შანსი გვაქვს პირველ ტურში მკაფიო შედეგის ჩვენების, გავრისკოთ მეორე ტური-ბოკერია

უპასუხისმგებლობა იქნებოდა ყველა ჩვენგანის მხრიდან, რომ როცა შანსი გვაქვს პირველ ტურში მკაფიო შედეგის ჩვენების, გავრისკოთ მეორე ტური-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ, "ფორმულას" ეთერში. მისი თქმით,  "ევროპული საქართველოს" პოზიცია ამ საკითხში მყარია და ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს საკვანძო ადგილებში ოპოზიციურ სუბიექტებს შორის კოორდინაცია. 

"ეს საჭიროა იმისთვის, რომ ის კომპრომისის ფარგლებში, რაც ჩვენ მივიღეთ, რომელიც არ არის სრულად პროპორციული, 30 მაჟორიტარულ ოლქშიც მეტნაკლებად პროპორციული ვითარება მივიღოთ. ოღონდ კვოტებით კი არა, დე-ფაქტო შედეგებით. 

ივანიშვილის დამარცხების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერცერთი პარტია ხელისუფლებაში ივანიშვილივით ვერ მოდის. ვერც ორი", - განაცხადა ბოკერიამ .

დეპუტატის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციამ ნაკლები რისკებით დაამარცხოს. 

"ამასთან ერთად, სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით, ჩვენ გვჭირდება დიდი უპირატესობით გამარჯვება. პირველ ტურში გამარჯვება თბილისსა და სხვა ურბანულ ცენტრებში არის იმ ტიპის გზავნილი, რომელიც შეგვიმცირებს ნებისმიერ რისკს ამ ისტერიულ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების პირობებში.

რაც შეეხება იმას, რატომ გაჩნდა კითხვის ნიშანი, რამდენიმე განცხადება გაკეთდა ბოლო დღეებში, რაც სრულიად უპირისპირდებოდა ამ სულისკვეთებას. ვგულისხმობ აქცენტის გადატანას მეორე ტურებზე და ეს განცხადებები გაკეთდა იმ პირებისგან, რომლებიც იყვნენ აფელირებულები ძალა ერთობაშიასთან.

მე არ ვამბობ, რომ 2018 წელი აუცილებლად განმეორდება, მე იმედი მაქვს და ამაზე ვმუშაობ, რომ ყველა ვარიანტში დამარცხდეს ივანიშვილი იმიტომ, რომ ეს არის ეროვნული ამოცანა, რომ ეს კაცი, რომელიც საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობიანად ჩამოვიცილოთ, მაგრამ როგორი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ყველა ჩვენგანის მხრიდან, რომ როცა შანსი გვაქვს პირველ ტურში მკაფიო შედეგის ჩვენების, გავრისკოთ მეორე ტური", - განაცხადა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე