საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძესა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან კობერიძეს კომიტეტში მისი მისვლის შესახებ წერილს სწერს.
„პირადად მე და სამინისტროს მთელი გუნდი უაღრესად ვაფასებთ კომიტეტის ინტერესსა და ჩართულობას ჯანდაცვის სექტორის ეპიდემიაზე მზაობის გაუმჯობესების კუთხით. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, არსებული და შემხვედრი გარემოებების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის გადადების თაობაზე და გთხოვთ, საკომიტეტო მოსმენისთვის საორიენტაციო პერიოდად განიხილოთ ამა წლის ივნისის თვის ბოლო კვირა. ამავდროულად, დამატებით, გიგზავნით მოკლე ინფორმაციას თქვენს მიერ დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით: როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 25 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მოიცავდა იმ ეპიდემიოლოგიური ინსტრუმენტებისა და მაჩვენებლების დეტალურ მიმოხილვას, რასაც სამინისტრო პასუხის დაგეგმვისთვის იყენებს. სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას კომიტეტს გააცნოს პროგნოზირების სხვა ინსტრუმენტები, გარდა იმისა რაც უკვე იქნა გაზიარებული ანგარიშის ფარგლებში. აქვე მოგახსენებთ, რომ სამინისტრო სრულად იზიარებს საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ფასწარმოქმნის მექანიზმების დახვეწის აუცილებლობას და მზად არის განაახლოს ტარიფიკაციის პროცესზე მუშაობა პრიორიტეტული სერვისებისთვის. აღსანიშნავია, რომ COVID 19-ის პანდემიის მიმდინარეობამ შეცვლა ჯანდაცვის მიმდინარე სერვისების, განსაკუთრებით გეგმიური სერვისების მიწოდების ხასიათი“ - წერს ეკატერინე ტიკარაძე.