2020-05-28 14:36:31
ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ-ლილუაშვილის განმარტება

საქართველოს მთავრობა 2020 წლის ივნისიდან აღებული იპოთეკური სესხის პროცენტს დაასუბსიდირებს. აღნიშნულ ინფორმაციას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ბექა ლილუაშვილი ავრცელებს. მისი განმარტებით, სუბსიდია შეეხება საპროცენტო განაკვეთს 4 პროცენტს. მისივე განცხადებით, პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.

"მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი — 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში 7 პროცენტამდე შემცირდება. ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა",-განაცხადა ლილუაშვილმა.

პირობებია და ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდია:

სუბსიდია შეეხება მათ, ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღო სესხი;

სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება — 4%;

სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას;

სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;

სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);

სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.

ამავე თემაზე