2020-05-28 14:00:15
მითხრას, რომ პოლიციისთვის ბოდიში მომეხადა, ტანსაცმელი შემოხეული მქონდა, ფეხსაცმელი დავკარგე - ბათუმის აქციაზე დაკავებული

ბათუმში, საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების ახლობლები იკრიბებიან, სადაც პროცესი უნდა ჩაინიშნოს. დაკავებულებს შორის იყო რამდენიმე არასრულწლოვანიც. ერთ-ერთ დაკავებული, ანზორ თურმანიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ის ძალის გამოყენებით დააკავეს. 

"ჩამტენეს მანქანაში. გადმომიყვანეს განყოფილებაში და მითხრას, რომ დამეწერა ახსნა-განმარტება და პოლიციისთვის ბოდიში მომეხადა. ტანსაცმელი შემოხეული მქონდა, პეხსაცმელი დავკარგე", - ამბობს თურმანიძე ,,ფორმულასთან" საუბარში. 

თურმანიძის დედა კი ამბობს, რომ მისი შვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

"ჩემი შვილი არის არასრულწლოვანი და იყო აქციაზე. იცავდა სიტყვის თავისუფლებას, რის გამოც დაარბიეს და დააკავეს. მშობელს არც კი შეატყობინეს და მე თვითონ ვნახე. ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს ბავშვი და დღეს კიდევ ველოდებით სასამართლოს. ნაცემი არ არის, მაგრამ ტანზე ყველაფერი შეხეული მქონდა", - განაცხადა მადონა თურმანიძემ.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარის მთავრობის წინ დაწყებული აქცია, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებებით დასრულდა. აქციაზე, სადაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ორი პირის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, სამართალდამცველებმა 30 პირი დააკავეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა კადრები, სადაც, მათი განმარტებით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს ის პირები აიყვანეს, რომლის გათავისუფლებასაც აქციის მონაწილეები გუშინ ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას ელოდებიან და საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ამავე თემაზე