2020-05-28 12:41:52
ასეთი ჩარევა არასწორ სტიმულებს გააჩენს ეკონომიკაში - პაპავა იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე

დღეს მთავრობა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას მართავს. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, სექტორის მხარდამჭერი ერთ-ერთი მექანიზმი მთავრობის მხრიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირება იქნება. ეს ინფორმაცია დეველოპერული და საბანკო სექტორის შემდეგ გუშინ პრემიერმაც დაადასტურა. 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი მთავრობის ინიციატივას აკრიტიკებს და თვლის, რომ ასეთი ჩარევა კრიზისს გაწელავს და არასწორ სტიმულებს გააჩენს ეკონომიკაში. გიორგი პაპავა განმარტავს, რატომ არ არის გამართლებული შექმნილ ვითარებაში მოქალაქეებმა ახალი საბანკო ვალდებულებები აიღონ.

პრემიერმა გუშინ აღნიშნა, რომ ყველა ტიპის რისკს დავუზღვევთ, რაც სესხის აღებასთან არის დაკავშირებულიო. მე ვფიქრობ, რომ ეს გამართლებული ნაბიჯი არ არის რბილად რომ ვთქვა მარტივი მიზეზი გამო; დღეს უძრავი ქონების სექტორში ფუნდამენტური ფაქტორების გამო მოსალოდნელია კორექტირება როგორფ ფასის, ისე მშენებლობის ტემპების მიმართულებით.

,,როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ადამიანებს შემოსავლების შეუმცირდათ, ტურისტები აღარ ჩამოდიან და ადამიანები, ვინც ბინა შეიძინა, ის ვეღარ გააქირავებს მას ტურისტზე, ამ მოცემულობაში რატომ უნდა იყოს მიზანი ფასის შენარჩუნება იმავე დონეზე, რაც დღეს გვაქვს. ამის გაკეთება იმ კუთხით, რომ ადამიანებს დავაძალოთ იპოთეკური სესხების აღება, არასწორია, მაშინ როდესაც მნიშვნელოვნად გაზრდილია რისკები როგორც უახლოესი მოკლევადიანი პროცესისთვის, ასევე გაზრდილია სამომავლო რისკები.

რისკები აისახა საპროცენტო განაკვეთებზე, ანუ ჩვენ ვეუნებით ადამიანებს, რომ იმიტომ, რომ სამშენებლო სექტორმა შეძლოს იგივე ფასების შენარჩუნება, რაც ჰქონდა, ჩვენ თქვენ მოგცემთ სესხს, მოგცემთ მაღალ პროცენტში, იქიდან რაღაც ნაწილს დაგისუბსიდირებთ, მაგრამ თუ მომავალში დამატებით რაღაც შოკი მოხდა, დამატებითი გამოწვევის წინაშე დადგა ეკონომიკა, ეს გადატყდება იმ მომხმარებლების კისერზე, რომელსაც მთელი ბოლო პერიოდი, ეროვნული ბანკი იქნებოდა, თუ სხვა, ვეუბნებოდით, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდე სესხის აღებას, დაუწესეთ შეზღუდვები და ახლა იგივე ადამიანებს ვეუბნებით, რომ ეს დაივიწყეთ და თუ შენატანი გაკეთული გაქვთ, გაიქცეით და ახალი სესხი აიღეთ.
ეს იგივეა, ადამიანებს ნაბახუსევზე რომ ვუთხრათ ისევ ღვინით გამოვიდნენ“ - განმარტა პაპავა ,,საქმიან დილაში".

ამავე თემაზე