2020-05-27 17:44:00
ჩემთვის საქართველოში საერთოდ პოლიტპატიმრები არ არსებობენ - გახარია

ჩემთვის საქართველოში საერთოდ პოლიტპატიმრები არ არსებობენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, უბრალოდ სასამართლო სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთი ადამიანი, რომელიც საზოგადოებას პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა დააპატიმრა, ხოლო მეორეს ბრალი ბიუჯეტიდან თანხების მოპარვაში დასდო.

„პოლიტიკური კრიზისის დასრულება არის ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანა. ჩემთვის საქართველოში საერთოდ პოლიტპატიმრები არ არსებობენ. არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები. ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღო ადამიანთან მიმართებაში, რომელიც პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა და ამ შტურმში იღებდა მონაწილეობას. მეორე ადამიანმა უბრალოდ ბიუჯეტიდან მოიპარა კონკრეტული რაოდენობის თანხა, შემდგომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყალებინა და ამით დამთავრდა პროცესი. 

პოლიტიკური პროცესი დასრულდება მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკური შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი დადგება. აქ გამოჩნდება ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს და ვინ არის ამ პოლიტიკური კონსენსუსის, მშვიდობის, ნორმალური არაპოლარიზებული საარჩევნო გარემოს მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს პირიქით დესტაბილიზაციისკენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე