2020-05-27 14:45:59
Fitch-მა გლობალური რეცესიის პროგნოზი 4.6%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ვარდნის პროგნოზის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის მიერ აპრილის ბოლოს გამოქვეყენბულ ანგარიშში შემცირება 3.9%-ზე იყო ნავარაუდევი, თუმცა განახლებული პროგნოზით, ვარდნა 4.6% იქნება.

“განახლებული შეფასება ასახავს ევროზონასა და დიდ ბრიტანეთში მოსალოდნელ ვარდნას, ასევე ჩინეთის გამოკლებით, მთელ განვითარებად ბაზრებზე მოსალოდნელ ვარდნას,”- განაცხადა Fitch-ის მთავარმა ეკონომისტმა ბრაიან კალტონა.

Fitch-ი განახლებული შეფასებით, ევროზონაში 8.2%-იან რეცესიას მოელის, რაც შემცირების რეკორდული მაჩვენებელია. ცალკეული ქვეყნების მიხედვით მოსალოდნელი ვარდნა ასეთია

● ესპანეთი - 9.6% (თავდაპირველი პროგნოზი 7.5%);
● იტალია - 9.5% (თავდაპირველი პროგნოზი 8%);
● საფრანგეთი - 9% (თავდაპირველი პროგნოზი 7%);
● დიდი ბრიტანეთი - 7.8% (თავდაპირველი პროგნოზი 6.3%).

“ჩვენ მოველით, რომ ჩინეთის გამოკლებით, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები წელს 4.5%-ით შემცირდება. თავდაპირველი პროგნოზით შემცირების მაჩვენებელი 1.9%-ზე გვქონდა განსაზღვრული. ახალი შეფასება ასახავს ბრაზილიაში, ინდოეთსა და რუსეთის ფედერაციაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებულ პროგნოზებს,”- ნათქვამია ანგარიშში.

ინდოეთში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმული მკაცრი ნაბიჯების გამო, Fitch-ი წლის განმავლობაში 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს. ვირუსის გავრცელების მაღალი ტემპების გამო, ბრაზილიასა და რუსეთში მოსალოდნელი რეცესია ამჟამად 6%-სა და 5%-ზე არის შეფასებული.

Fitch-ი უცვლელად, 0.7%-ზე ინარჩუნებს ჩინეთში ეკონომიკური ვარდნის პროგნოზს. ასევე უცვლელია ვარდნის პროგნოზი აშშ-სა (5.6%-იანი ვარდნა) და იაპონიაში (5%-იანი ვარდნა).

“გლობალურად მაკროეკონომიკური სტიმულირებოს პროგრამების მასშტაბი გასული ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე არსებულ ფისკალურ სტიმულებთან ერთად, დამატებით წარადგინა მშპ-ის 2%-ის ოდენობის დახმარების პაკეტი,”- ნათქვამია ანგარიშში.

Fitch-ი 2020 წელს ჯამურად ცენტრალური ბანკების მხრიდან საფინანსო ბაზრებისთვის დამატებით 6 ტრილიონი დოლარის მოცულობის სტიმულების (QE) მიწოდებას პროგნოზირებს. აღნიშნული თანხა გლობალურად დაკრედიტების ხელშეწყობისთვის იქნებამიმართული.

ამასთან, ორგანიზაციის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ უმუშევრობის პრობლემა კვლავ მძიმე გამოწვევად რჩება. მათ შორის აშშ-ში მაისში უმუშევრობის მაჩვენებლის 20%-მე გაზრდა არის ნავარაუდევი.

 

bm.ge

ამავე თემაზე