2020-05-22 14:36:43
"ევროპული საქართველო" მოუწოდებს მთავრობას, რომ ჯარიმები ჩამოაწეროს მოსახლეობას - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს საგანგებო პერიოდის განმავლობაში გამოწერილი ჯარიმები მოქალაქეებს ჩამოაწეროს. როგორც პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა, ჯარიმების გადახდას ვერ შეძლებს. 

"დღეს მოვისმინეთ მთავრობისგან, რომ რამდენიმე აბსურდული შეზღუდვა, მათ შორის კომენდანტის საათი და მანქანებში მგზავრების რაოდენობის შეზღუდვა, მოიხსნა. ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი. რა თქმა უნდა მომავლისთვის კარგია, მაგრამ დაგვიანებულია. ამას არანაირი ეფექტი არ ჰქონია, მათ შორის არც ჯანდაცვაზე, თუმცა მოიტანა ძალიან ბევრი უარყოფითი ეფექტი ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის ადამიანებისთვის, რომლებიც ოჯახის წევრებთან ერთად ნორმალურად ვერ გადაადგილდებოდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი პრობლემა იყო ის ჯარიმები, რომელიც ამ შეზღუდვებზე იყო დაწესებული. 4 ათასზე მეტი ადამიანი იქნა დაჯარიმებული კომენდანტის საათის დარღვევისთვის და 1 700-ზე მეტი იქნა დაჯარიმებული მანქანაში შეზღუდვების გამო. ჯამში თანხები, რომელიც დააწერა მთავრობამ მოსახლეობას ჯარიმების თვალსაზრისით, აღემატება 18 მილიონ ლარს. ეს საკმაოდ დიდი ჯარიმებია და მოქალაქეებს მათი გადახდის საშუალება არ აქვთ. ამიტომ "ევროპული საქართველო" მოუწოდებს მთავრობას, რომ ახლა ეს ჯარიმები ჩამოაწეროს მოსახლეობას და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს არ დააკისროს ამ აბსურდული ჯარიმების გადახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ამავე თემაზე