2020-05-22 14:40:48
ყველა საერთაშორისო შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო რუსეთმა - ზალკალიანი ღია ცის შეთანხმებაზე

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან გადის კონსულტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დარჩება და გააგრძელებს მუშაობას "ღია ცის შეთანხმების" ფარგლებში. 

"ღია ცის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის უსაფრთხოების სამ ძირითად ფუნდამენტს წარმოადგენს 3 ხელშეკრულება. ესენია: ვენის დოკუმენტი, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმება და ღია ცის შეთანხმება. სამივე დოკუმენტი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი წევრი, ხელმომწერი ქვეყანა საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს უგულებელყოფს. მათ შორის ამ ხელშეკრულებების განსხვავებულად ინტერპრეტაცია, რაც იწვევს იმას, რომ შეჩერებულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმება და ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღია ცის შეთანხმება დატოვოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა, ასევე ყირიმის თემაა, კანადის საკითხია და სხვა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ყველა საერთაშორისო შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო რუსეთმა. იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მათ 2010 წელს გარკვეული შემზღუდავი გადაწყვეტილება მიიღეს, დაახლოებით 10 კილომეტრის რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, იმ პირობით, რომ თითქოს ეს ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე და ისინი არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, რაც არის ამ ხელშეკრულების არასწორი ინტერპრეტაცია და ვალდებულებების უგულებელყოფა. საქართველომ 2012 წელს შეაჩერა ამ ხელშეკრულების ვალდებულება რუსეთთან მიმართებაში. ეს ხელშეკრულება გვაქვს შეჩერებული რუსეთთან მიმართებაში ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვუშვებთ ფრენებს, რომელიც უნდა განახორციელოს რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში. კონსულტაციებს გავდივართ ამერიკასთან ევროპასთან და მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გავაგრძელებთ ამ შეთანხმებაში ყოფნას", - განაცხადა ზალკალიანმა. 

ამავე თემაზე