2020-05-22 12:50:04
CDC-ის შეფასებით, Covid-19-ის შემთხვევების 35% ასიმპტომურია, სიმპტომურთა 0.4% გარდაიცვლება

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ახალი კორონავირუსის შემთხვევების 35% ასიმპტომურია. ცენტრი ასევე აცხადებს, რომ "საუკეთესო შეფასების სცენარით", ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ახალი კორონავირუსი და სიმპტომები აღენიშნებათ, მათგან 0.4% გარდაიცვლება. CDC-ს შეფასებით, ახალი კორონავირუსის გადადება 40% შემთხვევაში ხდება მანამ, სანამ ადამიანები იგრძნობენ, რომ ავად არიან.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ეს რიცხვები დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვირუსზე მეტს გაიგებენ, შესაძლოა, შეიცვალოს. სააგენტოს შეფასება 29 აპრილამდე შეგროვებულ რეალურ მონაცემებს ეფუძნება. ცენტრი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ეს სცენარები არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მზადყოფნისა და დაგეგმისთვის. ეს არ არის COVID-19-ის მოსალოდნელი გავლენის პროგნოზები ან შეფასებები". მათივე განცხადებით, ეს რიცხვები გავლენას არ ახდენს სოციალური დისტანციის წესების ცვლილებაზე ან სხვა ჩარევაზე. 

CDC-მ წარმოადგინა 5 სცენარი, აქედან 4 წარმოადგენს "დაავადების სიმძიმის ქვედა და ზედა ზღვარსა და ვირუსულ გადაცემას". ხოლო, მე-5 სცენარი აღნიშნულია აშშ-ში ვირუსული გადაცემისა და დაავადების სიმწვავეზე CDC-ის ამჟამინდელი საუკეთესო შეფასება.

აღსანიშნავია, რომ 65 წელს გადაცილებული ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ახალი კორონავირუსი და სიმპტომები აღენიშნებათ, მათგან 1.3% გარდაიცვლება. 49 წლამდე პირებისთვის კი, სავარაუდოდ, 0.05%. 5 სცენარიდან ყველაზე მწვავე სცენარის შემთხვევაში, რაც არ არის სააგენტოს "საუკეთესო შეფასება" (მე-5 სცენარი), ახალი კორონავირუსის მქონე სიმპტომური პაციენტების 1% გარდაიცვლება. ყველაზე არამწვავე სცენარის შემთხვევაში კი ეს რიცხვი 0.2% არის. საუკეთესო შეფასების სცენარით, ვირუსის მქონე სიმპტომური პაციენტების 3.4%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. 65 წელს გადაცილებული პირებისთვის ეს რიცხვი 7.4%-მდე იზრდება. 

CDC ამბობს, რომ ასიმპტომური პაციენტები ზუსტად ისეთივე გადამდებები არიან, როგორც სიმპტომური პაციენტები.

 

 

"ტაბულა"

ამავე თემაზე