2020-05-22 11:20:39
პოლიტიკური მასკარადის სახით ახალი ფრონტი გაიხსნა, საჭირო შეზღუდვების გაგრძელებას ვერავინ შეუშლის ხელს - გახარია

გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დროს განაცხადა

"ზუსტად 2 თვის შემდეგ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის დროს მოგვიწევს 2 მიმართულებით ბრძოლა - პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის და შემდგომ, ჩვენი ეკონომიკის აღორძინება. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა. ახლა ვიბრძვით ეკონომიკის სწრაფი აღორძინების მიმართულებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული. და გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ყველა ეტაპზე პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე." - განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე