2020-05-21 11:18:59
ვინც შემოსავალი დაკარგა და კომპენსაციას იღებს, საბანკო სესხის მომსახურება 3 თვით გადაუვადდება

ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, გუშინ შედგა შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

„საქართველოს მთავრობისა და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან ერთად თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით გადაუვადა. ეს სამი თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა ასევე შეხვედრა და მივიღეთ ერთობლივი შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს. ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა, ასევე სამი თვით. ვიმეორებ, ყველა მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფომ სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე