2020-05-20 16:46:38
საკონსტიტუციო სასამართლომ კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ „გირჩის“ სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლომ  „გირჩის“ სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. 

მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის  კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით, მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევა საგანგებო მდგომარეობის დროს დასაშვებია  საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრული უფლებამოსილება გადაცემულია საქართველოს მთავრობისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნების დარღვევას იწვევს.

მოსარჩელის განცხადებით, ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილებასთან ერთად მუშაობის უფლებაც, რაც შეიძლება უფრო დამაზიანებელი იყოს, ვიდრე პანდემია. მოსარჩელის პოზიციით, დღის იმ მონაკვეთის შემცირება, რომლის განმავლობაშიც პირებს გარეთ გასვლა შეუძლიათ, ავტომატურად ზრდის რისკს, რომ ერთსა და იმავე დროს გარეთ უფრო მეტი ადამიანი მოიყრის თავს და გაიზრდება მათი კონტაქტის ალბათობა.

საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით  გირჩმა სამი სარჩელი შეიტანა. ბოლნისსა და მარნეულში საკარანტინო რეჟიმის შემოღებასთან და კომენდანტის საათთან დაკავშირებით სასამართლომ სარჩელები წარმოებაში მიიღო, მსუბუქ ავტომანქანებში მსხდომთა სამ პირამდე შემცირების რეგულაციასთან დაკავშირებული სარჩელი კი - არა.

ამავე თემაზე